სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელი დონეზე დატოვების შესახებ ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო - ოთარ ნადარაია
„სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელი დონეზე დატოვების შესახებ ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო“, – აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. მისი განმარტებით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოების და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, სამომავლოდ განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება წლის განმავლობაში მოსალოდნელია.
„მართალია, ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებლებით სამიზნესთან იქნება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ შედარებით მაღალია.
მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, როგორც ჩვენი, ასევე სებ-ის შეფასებით, ნორმალიზაციისკენ მიდის. ეკონომიკური ზრდასთან ერთად ნორმალიზდება საკრედიტო აქტივობაც, ამიტომ მომავალში განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლოგიკური ნაბიჯია და საბაზისო სცენარია.
ასევე, მნიშვნელოვანია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) გადაწყვეტილებები. წლის განმავლობაში ორი შემცირებაა დაგეგმილი, რაც ლარის განაკვეთის ქვემოთ დაწევასაც შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და დღეისათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
საქსტატმა ფასთა ინდექსაციის კალკულატორის განახლებული ვერსია შეიმუშავა
19.06.2026.11:28
ფასთან ინდექსაციის თავდაპირველი ვარიანტი ამოქმედდა 2022 წელს, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №753 განკარგულების შესაბამისად.
კალკულატორის განახლებული ვერსიის შექმნა უკავშირდება ახალი ინიციატივის, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №245 დადგენილების მიღებას.
განახლებული კალკულატორის მიზანს კვლავ წარმოადგენს ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მისცემთ ფასთა ინდექსაციის შესახებ დასკვნა მიიღონ ონლაინ რეჟიმში. თანხის ინდექსაციის მიზნით კალკულატორი იყენებს ჯაჭვურად გადაბმული მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index - CCI), ასევე დიზელის საწვავისა და ბიტუმის ფასების ინდექსების მნიშვნელობებს. აღნიშნული ინდექსები შექმნილია საქსტატის მიერ საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს მშენებლობის მთლიან სექტორს - როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სეგმენტებს, ასევე სამოქალაქო მშენებლობასაც.
ფასთა ინდექსაციის განახლებული კალკულატორი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის შემდეგ ბმულზე: https://indexation.geostat.ge/
კალკულატორთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური ან სხვა სახის შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფასების სტატისტიკის დეპარტამენტს ნომრებზე: 236 72 10 (400/405), ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:gtetrauli@geostat.ge.