სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკური და თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია - ოთარ ნადარაია
„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, ჩვენი მოლოდინების შესაბამისია. მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტემპი გრძელდება, თუმცა ტემპი დამოკიდებულია იმ მოვლენათა განვითარებაზე რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ნელი ტემპი სავსებით ლოგიკურია, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ახალი გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური გარემო არ გაუარესებულა და სახეზეა სავალუტო შემოდინებების ნორმალიზება, სებ-ის გადაწყვეტილება გარე ფაქტორების გათვალსწინებით სრულიად გასაგებია“ - ასე აფასებს „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 10%-ზე დატოვებასთან დაკავშირებით.
"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.
შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.