სებ-ის გადაწყვეტილებით 185 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე შენატანი არ გაეზარდა
189 820 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ გაუძვირდა. ამის მიზეზი კი სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვებაა. ამ დროისათვის ცვლად განაკვეთზე სწორედ 189 820 სესხია მიბმული.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელზე დაბალია. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4 პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2.0 პროცენტს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომლის ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ნარჩუნდება და თებერვალში 3 პროცენტს შეადგენს. წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე რისკების რეალიზებამ განაპირობა. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა. მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერი ზრდა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზის ცენტრალური სცენარის დაშვებებთან მეტწილად თანხვედრაშია. საერთაშორისო ბაზრებიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2025 წლის პირველ ნახევარში მასთან ახლოს იქნება. მას შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. თუმცა, მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ამ ეტაპზე, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ერთობლივ მოთხოვნას საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რაც დიდწილად ბიზნეს სესხების გააქტიურებას უკავშირდება და ეკონომიკის პოტენციური ზრდის ხელშემწყობია.
გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, განიხილა მაღალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ბოლო დროს გლობალურად მომატებულია გაურკვევლობა, რაც დიდწილად, საერთაშორისო ბაზრებზე სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. აღნიშნული პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად მაღალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აძლიერებს. შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან საყურადღებო რჩება მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკები.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად მიმდინარე გაურკვევლობისა და სატარიფო პოლიტიკის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად სუსტდება. ამ ტენდენციების ფონზე, გამყარებული გაცვლითი კურსი, იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე“, - აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 7 მაისს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.