სებ-ის ხედვა ფინტექის განვითარების მხრივ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ - „პეივ ბანკის“ დამფუძნებელი
სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიის დოკუმენტისა და ამ მიმართულებით მათი ხედვების გაცნობა, - ამის შესახებ ციფრული „პეივ ბანკის“ თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა სებ-ის ფინტექის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.
„სწორედ ეს ხედვა და მიდგომაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ციფრული ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ“, - წერს სალიმ დანანი „ლინკდინის“ ოფიციალურ გვერდზე.
ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა.
დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
ქვეყნის შიგნით ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შემსუბუქებასა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას ისეთი პროექტებით, როგორებიცაა ღია ბანკინგი/ფინანსები, რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox), „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC), როგორც ეკოსისტემა“, მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა და სხვა.
საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან და მაქსიმალურად ცდილობს მათ ხელშეწყობას. ამასთან, მუშავდება რეგულირების საერთაშორისო ლაბორატორიის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის რეგულაციურ ჰარმონიზაციას, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უცხოური ფინტექ-კომპანიებისა და ტალანტის მოზიდვას საქართველოში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.