სებ-ის მიერ ინტერვენციის განხორციელება მიზანშეწონილია გამომდინარე იქიდან, რომ ლარის რყევებს მეტ-ნაკლებად მინიმუმამდე ამცირებს - Galt & Taggart-ის ეკონომისტი
ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ტრანზაქციები მთლიანობაში პოზიტიურია, იქედან გამომდინარე, რომ მეტ-ნაკლებად ლარის რყევებს მინიმუმამდე ამცირებს. ლარის კურსის სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც სხვა ბევრ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე პოზიტიურად აისახება, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ სებ-ის სავალუტო ინტერვენციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, როცა მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში ძლიერია მაკრო ფუნდამენტალები და ლარის კურსზე შეტევა მხოლოდ გაურკვევლობებიდან მომდინარეობს, რომელიც ჩვენი შეფასებით მოკლევადიანი ხასიათისაა, ამ მოკლევადიან პერიოდში ინტერვენციის განხორცელება არის მიზანშეწონილი.
„ბაზრის მოთამაშეების უარყოფით მოლოდინებს გარკვეულწილად ეს ინტერვენციები ანეიტრალებს, რათა არ წარმოიქმნას ლარის კურსზე მოკლევადიანი დომინოს ეფექტი გაუფასურების მიმართულებით. სწორედ, ამ მიზნით ბაზარზე ჩარევა მიზანშეწონილია და ხარჯი, რომელიც პრევენციისთვის გაიწევა, ამას სტაბილურობა მოაქვს ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.