სებ-ის მიერ მონეტარული განაკვეთის უცვლელად დატოვება არის სწორი ნაბიჯი და გონივრული სიფრთხილე - გიორგი ღაღანიძე
ეს არის სწორი ნაბიჯი, ეს არის გონივრული სიფრთხილე, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე უცვლელად დატოვების შესახებ.
„ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია, მაგრამ მცირე ეკონომიკა ვართ, ძალიან მოწყვლადი ვართ და შესაძლოა, ვითარება სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე არ დადასტურდება, რომ ნამდვილად, რეალურად ფულადი ნაკადების შემოდინებები იმდენია, რამდენსაც ვვარაუდობდით, მანამდე სებ-ი მონეტარული განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.
მისი შეფასებით, სებ-ში არ იღებენ გადაწყვეტილებას მოლოდინებზე დაყრდნობით, არამედ მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ.
„ეს არის სწორი ნაბიჯი, ეს არის გონივრული სიფრთხილე“, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა.
მისი თქმით, სებ-ი სტაბილურად მიჰყვება და ავითარებს ფრთხილ და გააზრებულ მონეტარულ პოლიტიკას.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, იყო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სადაც იყო გაჟღერებული ზუსტად ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს. სებ-ი შეხედავს რამდენად ჯანსაღია ფუნდამენტური ფაქტორები, რამდენადაა შესაძლებელი ინფლაციის მოთოკვა და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე.
უნდა ითქვას, რომ ამ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას სებ-ი რეალურად ნერგავს ცხოვრებაში. ყველა შემთხვევაში ეკიდებიან ძალიან ფრთხილად ადგენენ მონეტარულ განაკვეთს და სანამ არ იქნება გაანალიზებული ყველა შესაძლო რისკი, არ იღებენ შემცირების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.