სებ-ის მზაობა, უფრო ფრთხილი იყოს გადაწყვეტილებებში, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ხვალ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ უნდა შეიცვალოს -ალექსანდრე ძნელაძე
6 მაისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს სავარაუდოდ, უცვლელად დატოვებს, რადგან მისი თქმით, მოქმედი განაკვეთი უკვე მკაცრ ნიშნულზეა, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერი რჩება.
„განსაკუთრებულს ვერაფერს დავამატებ, რადგან ჩემი პოზიცია „გალთ ენდ თაგარტის“ მოლოდინების იდენტურია. რეალურად, მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ინფლაციის მოლოდინი არც ისე ხელსაყრელი პერსპექტივაა. ეროვნული ბანკის მზაობა, უფრო ფრთხილი იყოს გადაწყვეტილებებში, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ხვალ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, წესით, არ უნდა შეიცვალოს.
დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის მკაცრ ნიშნულზე. ანუ ეს არ არის მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად მიიღო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა როგორც დაკრედიტების, ისე ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას. როგორც ცნობილია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ აქტივობასთან. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ კარგ ნიშნულზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არ იჩქარებს განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებით ეკონომიკის წახალისებას. წინასწარი განცხადებაც, რომ მზაობა უფრო ზრდისკენ არის, ვიდრე შემცირებისკენ, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 6 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას