სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5% - მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და, საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.
დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს.
ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
საქსტატმა ფასთა ინდექსაციის კალკულატორის განახლებული ვერსია შეიმუშავა
19.06.2026.11:28
ფასთან ინდექსაციის თავდაპირველი ვარიანტი ამოქმედდა 2022 წელს, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №753 განკარგულების შესაბამისად.
კალკულატორის განახლებული ვერსიის შექმნა უკავშირდება ახალი ინიციატივის, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №245 დადგენილების მიღებას.
განახლებული კალკულატორის მიზანს კვლავ წარმოადგენს ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მისცემთ ფასთა ინდექსაციის შესახებ დასკვნა მიიღონ ონლაინ რეჟიმში. თანხის ინდექსაციის მიზნით კალკულატორი იყენებს ჯაჭვურად გადაბმული მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index - CCI), ასევე დიზელის საწვავისა და ბიტუმის ფასების ინდექსების მნიშვნელობებს. აღნიშნული ინდექსები შექმნილია საქსტატის მიერ საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს მშენებლობის მთლიან სექტორს - როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სეგმენტებს, ასევე სამოქალაქო მშენებლობასაც.
ფასთა ინდექსაციის განახლებული კალკულატორი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის შემდეგ ბმულზე: https://indexation.geostat.ge/
კალკულატორთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური ან სხვა სახის შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფასების სტატისტიკის დეპარტამენტს ნომრებზე: 236 72 10 (400/405), ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:gtetrauli@geostat.ge.