სებ-ში დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისების დელეგაციებს უმასპინძლეს
საქართველოს ეროვნულ ბანკს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა (FCDO) და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის (OFSI) ოფისების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში FCDO-ს და OFSI-ის წარმომადგენლებსა და სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, სანქციების იმპლემენტაციის და შესრულების ზედამხედველობისა და დანერგილი კონტროლის მექანიზმების თაობაზე გამოცდილება გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს (FCA) წარმომადგენლები. შეხვედრისას განიხილეს სააგენტოს საქმიანობა და მის წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრეს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში არსებულ გამოცდილებაზე.
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ისაუბრეს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და რისკების მართვის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. სტუმრებს დეტალურად გააცნეს გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები.
მხარეები, აქტიური თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.