„შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება“ - საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი სასკოლო ლიგის მხარდამჭერია.
სასკოლო ლიგა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ის ინიციატივაში ჩართულ 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს შანსს, საკუთარი შესაძლებლობები სპორტის 15 სახეობაში გამოცადონ. პროექტის ფარგლებში შეჯიბრებები იმართება მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა.
„სასკოლო ლიგა წელს თბილისსა და რეგიონებში 15 სპორტის სახეობაში ტარდება. ეს პროექტი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება სკოლის მოსწავლეებს შორის. ახლა სასკოლო ლიგა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შედის. გაზაფხულისთვის სხვადასხვა გუნდურ სახეობაში დაიწყება პლეიოფები, გაიმართება ინდივიდუალური სახეობების ფინალური ეტაპებიც, როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. ბოლოს კი ყველაფერი სუპერფინალებით დასრულდება“, – გვიყვება სასკოლო ლიგის კოორდინატორი, ოთარ აბულაძე.
სპორტული შეჯიბრებები მთელ საქართველოს მოიცავს და აჭარაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს, ჩაერთონ ინიციატივაში და გახდნენ სასკოლო ლიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.
„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათ, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სასკოლო ლიგასთან ჩვენი პარტნიორობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, ერთობლივად, მთელი საქართველოს მასშტაბით რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის შევქმნათ შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი სპორტის სხვადასხვა სახეობაში; მივცეთ მოტივაცია, არ გაჩერდნენ და მუდმივად ჰქონდეთ სწორება საკუთარი თავის განვითარებაზე. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში” , - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
სასკოლო ლიგის ფარგლებში მასშტაბური სასკოლო ტურნირები უკვე 4 წელზე მეტია იმართება. საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ძალისხმევით კი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება ტურნირის პოპულარობა და ცნობადობა.
პროექტი ჯერ კიდევ მზარდია - ითვისებს ახალ ტერიტორიებს, სპორტის სახეობებს, ახალგაზრდა ადამიანებს, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და პოზიციონირდება როგორც მაღალორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, წელს პირველად სასკოლო ლიგაში გაიმართება კალათბურთის შეჯიბრი ორ სახეობაში (5X5 და 3X3).
ტურნირებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია –
„მოემზადე მომავალი სეზონისთვის და გამოცადე შენი თავი ინდივიდუალურად თუ გუნდურად იმ სპორტის სახეობაში, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს“.
იხილეთ ვიდე სასკოლო ლიგის შესახებ:
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.