სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება გაზრდილია - სებ-ის თვის მიმოხილვა
ოქტომბერში სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება წლიურ და თვის ჭრილში გაზრდილია, - აღნიშნულის შესახებ საუბარია სებ-ის თვის მიმოხილვაში.
სებ-ის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა წლიურად 566.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვიურ ჭრილში - 339.5 მლნ აშშ დოლარი) და 1,989.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო მიწოდება წლიურად 615.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვის ჭრილში - 388.9 მლნ აშშ დოლარი) და 2,021.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„სპოტ გარიგებებით როგორც ვალუტის შეძენაში, ასევე ვალუტის გაყიდვაში ყველაზე დიდი წილი იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე მოდიოდა. ოქტომბერში სავალუტო ფორვარდ3 გარიგებებით (უცხოური ვალუტით ლარის შეძენა და პირიქით განხორციელებული ტრანზაქციები) კომერციულ ბანკებსა და სხვა ეკონომიკურ აგენტებს შორის უცხოური ვალუტით ვაჭრობა წლიურად 53.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვიურ ჭრილში - 31.9 მლნ აშშ დოლარი) და 75.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფორვარდ გარიგებებით ვაჭრობის ძირითადი ნაწილი - არარეზიდენტ ბანკებსა და იურიდიულ პირებზე, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი შინამეურნეობებზე მოდიოდა. ფორვარდ გარიგებებით დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ ბანკებისგან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვამ 55.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - განმარტავენ სებ-ში.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 627.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვებზე ზრდის მიმართულებით მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები და მონეტარული ოქროს გადაფასება, ხოლო შემცირების მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებით უცხოური ვალუტის წმინდა გაყიდვა და მთავრობის სავალუტო ხარჯები (სესხის მომსახურება) მოქმედებდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.