სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია - ნათია თურნავა
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა, სადაც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა შეხვედრები.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური გუნდი აშშ-ში საკმაოდ პოზიტიური გზავნილებით ჩავიდა და აშშ-დანაც პოზიტიური გზავნილებით დაბრუნდა.
„დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან ბევრი გარე გამოწვევა არსებობს, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ფრაგმენტაციის პროცესი, გადალაგება სავაჭრო ნაკადების და ასე შემდეგ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება. განსაკუთრებით ჩვენი ორი დიდი საფინანსო პარტნიორი ორგანიზაციის სახით, სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები ტარდებოდა ვაშინგტონში, ყოველწლიურად ატარებს სსფ და მსოფლიო ბანკი. ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ჩავედით გაძლიერებული დელეგაციით: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობდა დელეგაციას. ასევე ვიყავით ფინანსთა მინისტრი და სებ-ის პრეზიდენტი. გვქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები სსფ-ს სხვადასხვა დონეზე, ეს იყო როგორც მენეჯმენტთან, მაღალი დონის ხელმძღვანელობასთან, ასევე ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს მისიასთან და მათ ხელმძღვანელებთან, ჩვენი ქვეყნების ჯგუფის - ჯგუფებად არის დაყოფილი და იქ არის საქართველო და ამ ჯგუფის ხელმძღვანელებთან. ასევე მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის პირებთან, სადაც ვისაუბრეთ ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების სტატუსებზე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. იყო ძალიან კარგი სამუშაო ვიზიტი. მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საგაზაფხულო შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულია და რეგულარულია, ტარდება განსაკუთრებულ დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის ეკონომიკური გლობალურ პროცესები. ანუ გლობალური ეკონომიკის წესრიგს გადალაგება ხდება. თუ კი წინა პერიოდი და მრავალი ათწლეული გვქონდა ჩვენ ე.წ. გლობალიზაციის მიმართულება, გლობალიზაციის ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა რეგიონი უფრო მეტად შეკავშირებული ხდებოდა სავაჭრო ურთიერთობებით, ტექნოლოგიებით, ინდუსტრიული ღირებულებების ჯაჭვით.
ეს არ დაწყებულა დღეს, გუშინ, მაგრამ ბოლო პერიოდში ძლიერდებოდა უკუპროცესები. ანუ გლობალიზაციის და გლობალური ვაჭრობის გაძლიერების და შეკავშირების ნაცვლად უფრო საპირწონე პროცესი წავიდა, რომელიც.. ფრაგმენტაცია ეწოდება მას, პირიქით უკუპროცესი, რომელმაც ახლა ალბათ თავის პიკს მიაღწია. იგივე ახალი სატარიფო ინიციატივები, სავაჭრო დაპირისპირება და დაძაბულობა, ასევე გეოპოლიტიკური პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომი, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეგიონებში და აქედან გამომდინარე ეს შეხვედრებიც იყო არამარტო საქართველოს დელეგაციისთვის, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. იყო სწორედ ამ ეგიდით წარმართული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ შეხვედრებზე ყველა საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რაც ახლა არსებობს. თურნავას განმარტებით, შეხვედრის ყველა მსჯელობდა იმ გაურკვევლობაზე, არაპროგნოზირებადობაზე, რაც ზოგადად სუფევს გლობალურ ეკონომიკაში.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
16.06.2026.17:18
ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება: გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო ოპერაციების ფორმალურად დასრულებაზე, ნაღმებისგან გაწმენდის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე შეთანხმდნენ. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება.
თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, მემორანდუმი არ მოიცავს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებისთვის დამატებით 60-დღიან პერიოდს ითვალისწინებს. გაურკვეველია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადაში შეთანხმების მიუღწევლობას. ასევე ბუნდოვანია, როდის და რა პირობებით აღდგება საზღვაო გადაზიდვები, მოიხსნება თუ არა სანქციები და როგორ აისახება ეს შეთანხმება უფრო ფართო კონფლიქტზე, მათ შორის ლიბანთან დაკავშირებულ ვითარებაზე.
ჯერჯერობით, ბაზრების რეაქცია შეთანხმებაზე მოლოდინების შესაბამისი იყო: შემცირდა ნავთობის ფასი, საფონდო ბირჟის მერყეობა, აშშ-ის ობლიგაციების შემოსავლიანობა და დოლარის კურსი, ხოლო აქციებისა და ოქროს ფასები გაიზარდა. დიახ, დეესკალაციის ფონზე ოქროს გაძვირება ახლა უკვე „პროგნოზირებადი" რეაქციაა, რადგან უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ინფლაციასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ გადაფარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, მათი მასშტაბი გარკვეულ კითხვებს ბადებს. მაგალითად, ნავთობი, რომლის ფასზეც მიმდინარე მოვლენებს ყველაზე მკვეთრი გავლენა აქვს, სამშაბათს დილისთვის დაახლოებით 4.5%-ითაა გაიაფებული, რაც წინა ეპიზოდებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ცვლილებაა. ჩვენი შეფასებით, ეს ორი ფაქტორით აიხსნება:
ა) კონფლიქტის დასრულება გლობალური ბაზრების მოლოდინებში დიდწილად უკვე ასახული იყო - მაგალითისათვის, მარტი-აპრილის პიკურ დონესთან შედარებით, ნავთობის ფასები ისედაც შემცირებული იყო. ინვესტორებისთვის გაურკვეველი მხოლოდ შეთანხმების დრო რჩებოდა. შესაბამისად, ბაზრების შედარებით ზომიერი რეაქცია ლოგიკურია, რადგან მოულოდნელი იყო არა შედეგი, არამედ მისი ზუსტი ვადა.
ბ) ბაზარი კვლავ ფრთხილად უყურებს იმ საკითხებს, რომლებიც მოუგვარებელი დარჩა. საბოლოო ჯამში, ეს არ არის საბოლოო შეთანხმება, არამედ შეთანხმება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ჯერ კიდევ გასარკვევია, დასრულდა თუ არა კონფლიქტი საბოლოოდ და შესრულდება თუ არა აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა პერიოდებში შეთანხმებები საკმაოდ მყიფე გამოდგა.
მსგავსი მიდგომა ვრცელდება ჩვენს პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, რომელიც 2026 წელს 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტსა და დამატებითი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მოიაზრებდა. შესაბამისად, თუ შეთანხმებული პირობები შენარჩუნდება და სხვა მიმართულებებითაც პროგრესი დაფიქსირდება, პროგნოზები არსებითად უცვლელი რჩება.
აშშ დოლარის კუთხით, უცვლელია მოსაზრება, რომ დოლარის გამყარების მხარდამჭერი ფაქტორები მეტწილად დროებითია, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრუქტურული გამოწვევები დომინირებს.დოლარის პოზიციების გლობალურ გამყარებას აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მატება და საპროცენტო დიფერენციალის გაფართოება უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციური მოლოდინების ზრდასა და ეკონომიკის სიძლიერის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით მეტ მოქნილობას უკავშირდება. თუ ირანთან შეთანხმების ფონზე ეს მოლოდინები გადაიხედება, ესკალაციის შემდგომ დოლარის გამყარებული პოზიციებიც, სავარაუდოდ, შესუსტდება. აღსანიშნავია, რომ, 15 ივნისის მდგომარეობით, ბაზარი წლის ბოლოსთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის უკვე უცვლელად შენარჩუნებას ელის, მაშინ როდესაც, გასული კვირის ბოლოს, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას მცირედით მაღალი ალბათობა ჰქონდა.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ევრო კვლავ გამყარდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ წონასწარულზე სუსტი რჩება. რას ნიშნავს ეს ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის კუთხით? შედარებით მეტი სესხის აღებას დოლარში, თუმცა მოკლევადიანი პოზიციების მიმართ კვლავ სიფრთხილის შენარჩუნებით: საბოლოო შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის და რიგ გეოპოლიტიკურ სცენარებში დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად რამდენად მეტი უნდა ვისესხოთ დოლარში? ინდივიდუალური, კომპანიაზე მორგებული შეფასება, რასაკვირველია, ყველაზე ზუსტია, თუმცა ორიენტირად მარტის „ერთგვერდიანი შეჯამება" და მაისის „მკითხველის კომენტარებზე პასუხები" გამოდგება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007554-macro-update-georgia