თანმიმდევრული მოქმედების შედეგი არის ის, რომ ნდობაა ეროვნული ბანკის მიმართ - თამთა სოფრომაძე
თანმიმდევრული მოქმედების შედეგი არის ის, რომ ნდობაა ეროვნული ბანკის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, ყველას ინფლაციური პროგნოზი არის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს.
„ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ქმედებები, თუნდაც მანამდე როდესაც გასამკაცრებელი იყო პოლიტიკა და ეროვნულმა ბანკმა თამამად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, შემდეგ როდესაც იყო ამისი შესაძლებლობა, თამამად შეამცირა საპროცენტო განაკვეთი, სწორედ ამ თანმიმდევრული მოქმედების შედეგია ის, რომ ნდობაა ეროვნული ბანკის მიმართ, რაც გამოისახება იმაში, რომ ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველას ინფლაციური პროგნოზი არის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. გარდა რისკების ანალიზისა ჩვენ ასევე გვაქვს ცენტრალური პროგნოზიც. ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, რომელიც ასევე მოიაზრებს რისკების გარკვეულ რეალიზაციას, ამ პირობებშიც კი ველოდებით, რომ 2025 წელს საშუალოდ ინფლაცია დაახლოებით 3.8 % იქნება - მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-თან ახლოს შენარჩუნდება. ასევე, განვაახლეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაახლოებით 5-დან 6.7%-მდე გავზარდეთ იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ პირველ კვარტალშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ძლიერი ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნდა და პირველი კვარტლის მონაცემებით 9.3% არის. ასევე ვხედავთ, ვაანალიზებთ იმასაც თუ რა დგას ამ ძლიერი ეკონომიკური ზრდის უკან და ძირითადად ამის განმაპირობებელი არის მაღალპროდუქტიულ სექტორში მაღალი ზრდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ერთობლივ მოთხოვნასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის წარმოების პოტენციალი იზრდება და ეს არის განმაპირობებელი მაღალი ეკონომიკური ზრდის. ერთობლივ მოთხოვნასთან ერთად პოტენციალიც იზრდება შესაბამისად, ინფლაციაზე და ფასებზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის და ასეთ პირობებში ყალიბდება ერთი მხრივ არის დაბალი ინფლაცია და მეორე მხრივ მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.