TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი: ლარმა წნეხს გაუძლო
ფინანსურ ბაზარზე განვითარებული პროცესების მიუხედავად, ლარის კურსი ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში ლარი თითქმით 1%-ით გაუფასურდა, TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სიტუაციას ამ მხრივ სავალალოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეროვნულმა ვალუტამ წნეხს გაუძლო.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ლარმა მკვეთრი რყევები არ განიცადოს, რაც ჯერჯერობით არ იგრძნობა.
,,სამწუხაროა, რომ პროფესიონალმა კადრებმა, რომლებიც წლობით მუშაობდნენ ეროვნულ ბანკში, თანამდებობა დატოვეს. მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად ლარზეც მოქმედებს, ყველამ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გარკვეული ზეწოლა განიცადა, მაგრამ მასშტაბური რყევა არ არის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია რესურსი და მაკროეკონომიკურადაც, რეზერვების კუთხითაც კარგი პერიოდია, რაც სავალუტო ბაზარს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება“, - აცხადებს ოთარ ნადარაია Business Insider Georgia-თან.
შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან 3,38 თეთრით, ევროსთან კი 3,60 თეთრით გაუფასურდა. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობები დატოვეს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.