თებერვალში ინფლაციამ -0.04%-ი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა
2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-8.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე (3.3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.7 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (-1.7 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.4 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.5 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.0 პროცენტი);
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.