თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება.
საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 6.1%-დან 7.4%-მდე ზრდის.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, მათ შორის, მარტში - 10.7%. თებერვლის მსგავსად, მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებაც მოსალოდნელზე მაღალია.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციიდან ორი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა მხრივ შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა. საპირისპირო მიმართულებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი, რაც, მათ შორის, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს, ვინაიდან უნაღდო დანახარჯების უახლესი ინდიკატორებით მნიშვნელოვანი აჩქარება არ ვლინდება. თიბისი კაპიტალი მიმდინარე ტენდენციების ფონზე ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზე მარტის პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუმცა ფაქტობრივი შემოდინებები მოსალოდნელზე მაღალია.
მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად სტრუქტურული მდგრადობით ხასიათდება, რაც უფრო შესამჩნევია, მაგალითად, უზბეკეთის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ მგრძნობიარე არ არის, არამედ გულისხმობს საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.
კერძოდ, გლობალურად ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ, მართალია, საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, თუმცა ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ამ კუთხით მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის რე-ექსპორტი, რომელიც მარტის მდგომარეობით მთლიანი ექსპორტის 16.5%-ს შეადგენდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროებითი ფაქტორია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისტორიულად ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურობა. ამ მხრივ, მარტში, ექსპორტის ფასების ინდექსი თვიურად 3%-ით გაიზარდა, რაც ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე - ნავთობზე, ოქროზე, სპილენძზე, ფერო-შენადნობებსა და სასუქებზე - ფასების გლობალურ ზრდას უკავშირდება. ამან სრულად დააკომპენსირა ნავთობის გაძვირების ფონზე იმპორტის ფასების 2.9%-იანი ზრდა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს შემთხვევაში, აშშ დოლარში გამოხატული სავაჭრო ბალანსის მაინც გაუარესებაზე მიუთითებს, რადგან იმპორტის მოცულობა ექსპორტისას მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ვლინდება, გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც, რის შედეგადაც პირველ კვარტალში სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან შეფარდება, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.
საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან დანაკლისი, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 75 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა, თებერვალთან შედარებით, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარითაა აჩქარებული. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნებაა სავარაუდო აპრილშიც, რისი მონაცემებიც მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ფასების ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარი რჩება, რაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნორმალიზებასაც გამოიწვევს, თუმცა ამ სცენარში პარალელურად მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენაც.
ჯამურად, პროგნოზზე მოქმედი სამი ძირითადი ფაქტორი - უკრაინაში ომის მოკლე ვადაში დასრულების შემცირებული ალბათობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა, და საქსტატის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი შეფასებები - უცვლელი რჩება, თუმცა ამ ფაქტორების ერთობლიობის ზეგავლენა მეტია.
ზრდის მიმართულებით იცვლება ინფლაციის პროგნოზიც, წლის ბოლოს მდგომარეობით 5.6%-დან 6%-მდე, რაც ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირდება: ა) აპრილის 5.9%-იანი ინფლაცია ჩვენს პროგნოზზე მცირედით მაღალია და ბ) ნავთობის ფასები, აპრილის შუაში მოდერაციის შემდეგ, კვლავ მომატებულია.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა ინფლაციამ 21% შეადგინა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს, პირველ რიგში, ელექტროენერგიის ტარიფისა და საწვავის (ბენზინი, დიზელი) ფასების ზრდას უკავშირდება. ჯამურად ამ ფაქტორებმა წლიურ ინფლაციაში 1.4 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეიტანა. საპირისპიროდ, საბაზო ეფექტების ამოწურვასთან ერთად, მცირდება პურის ფასის კონტრიბუცია და, აპრილის მდგომაროებით, 0.5 პპ-ს შეადგენს, მაშინ როცა თებერვალში 0.9 პპ-ს აღწევდა.
თიბისი კაპიტალის მოლოდინით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. რაც შეეხება ლარს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, საბაზო სცენარით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007502-macro-update-georgia
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას