თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება: გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო ოპერაციების ფორმალურად დასრულებაზე, ნაღმებისგან გაწმენდის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე შეთანხმდნენ. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება.
თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, მემორანდუმი არ მოიცავს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებისთვის დამატებით 60-დღიან პერიოდს ითვალისწინებს. გაურკვეველია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადაში შეთანხმების მიუღწევლობას. ასევე ბუნდოვანია, როდის და რა პირობებით აღდგება საზღვაო გადაზიდვები, მოიხსნება თუ არა სანქციები და როგორ აისახება ეს შეთანხმება უფრო ფართო კონფლიქტზე, მათ შორის ლიბანთან დაკავშირებულ ვითარებაზე.
ჯერჯერობით, ბაზრების რეაქცია შეთანხმებაზე მოლოდინების შესაბამისი იყო: შემცირდა ნავთობის ფასი, საფონდო ბირჟის მერყეობა, აშშ-ის ობლიგაციების შემოსავლიანობა და დოლარის კურსი, ხოლო აქციებისა და ოქროს ფასები გაიზარდა. დიახ, დეესკალაციის ფონზე ოქროს გაძვირება ახლა უკვე „პროგნოზირებადი" რეაქციაა, რადგან უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ინფლაციასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ გადაფარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, მათი მასშტაბი გარკვეულ კითხვებს ბადებს. მაგალითად, ნავთობი, რომლის ფასზეც მიმდინარე მოვლენებს ყველაზე მკვეთრი გავლენა აქვს, სამშაბათს დილისთვის დაახლოებით 4.5%-ითაა გაიაფებული, რაც წინა ეპიზოდებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ცვლილებაა. ჩვენი შეფასებით, ეს ორი ფაქტორით აიხსნება:
ა) კონფლიქტის დასრულება გლობალური ბაზრების მოლოდინებში დიდწილად უკვე ასახული იყო - მაგალითისათვის, მარტი-აპრილის პიკურ დონესთან შედარებით, ნავთობის ფასები ისედაც შემცირებული იყო. ინვესტორებისთვის გაურკვეველი მხოლოდ შეთანხმების დრო რჩებოდა. შესაბამისად, ბაზრების შედარებით ზომიერი რეაქცია ლოგიკურია, რადგან მოულოდნელი იყო არა შედეგი, არამედ მისი ზუსტი ვადა.
ბ) ბაზარი კვლავ ფრთხილად უყურებს იმ საკითხებს, რომლებიც მოუგვარებელი დარჩა. საბოლოო ჯამში, ეს არ არის საბოლოო შეთანხმება, არამედ შეთანხმება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ჯერ კიდევ გასარკვევია, დასრულდა თუ არა კონფლიქტი საბოლოოდ და შესრულდება თუ არა აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა პერიოდებში შეთანხმებები საკმაოდ მყიფე გამოდგა.
მსგავსი მიდგომა ვრცელდება ჩვენს პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, რომელიც 2026 წელს 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტსა და დამატებითი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მოიაზრებდა. შესაბამისად, თუ შეთანხმებული პირობები შენარჩუნდება და სხვა მიმართულებებითაც პროგრესი დაფიქსირდება, პროგნოზები არსებითად უცვლელი რჩება.
აშშ დოლარის კუთხით, უცვლელია მოსაზრება, რომ დოლარის გამყარების მხარდამჭერი ფაქტორები მეტწილად დროებითია, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრუქტურული გამოწვევები დომინირებს.დოლარის პოზიციების გლობალურ გამყარებას აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მატება და საპროცენტო დიფერენციალის გაფართოება უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციური მოლოდინების ზრდასა და ეკონომიკის სიძლიერის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით მეტ მოქნილობას უკავშირდება. თუ ირანთან შეთანხმების ფონზე ეს მოლოდინები გადაიხედება, ესკალაციის შემდგომ დოლარის გამყარებული პოზიციებიც, სავარაუდოდ, შესუსტდება. აღსანიშნავია, რომ, 15 ივნისის მდგომარეობით, ბაზარი წლის ბოლოსთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის უკვე უცვლელად შენარჩუნებას ელის, მაშინ როდესაც, გასული კვირის ბოლოს, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას მცირედით მაღალი ალბათობა ჰქონდა.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ევრო კვლავ გამყარდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ წონასწარულზე სუსტი რჩება. რას ნიშნავს ეს ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის კუთხით? შედარებით მეტი სესხის აღებას დოლარში, თუმცა მოკლევადიანი პოზიციების მიმართ კვლავ სიფრთხილის შენარჩუნებით: საბოლოო შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის და რიგ გეოპოლიტიკურ სცენარებში დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად რამდენად მეტი უნდა ვისესხოთ დოლარში? ინდივიდუალური, კომპანიაზე მორგებული შეფასება, რასაკვირველია, ყველაზე ზუსტია, თუმცა ორიენტირად მარტის „ერთგვერდიანი შეჯამება" და მაისის „მკითხველის კომენტარებზე პასუხები" გამოდგება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007554-macro-update-georgia
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას