წამყვანმა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ გადამუშავებულ ვარიანტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მომუშავეთა რიცხოვნობას ეხება.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება - 47,0 მლნ ლარით; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - 34,0 მლნ ლარით; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს -23,0 მლნ ლარით ; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ძირითადად ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და დამატებით სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 20,0 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საჭირო შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად დამატებით გამოეყოფა 10,0 მლნ ლარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან. სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2,5 მლნ ლარი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.