ციფრული ჰეშ ბანკი მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ პლატფორმას და ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს შესთავაზებს - მერაბ კაკულია
„ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ახალი ციფრული ბანკის საქმიანობის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეშ ბანკი“ მომხმარებელს თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს შესთავაზებს, საბანკო მომსახურების სრული სპექტრის მიღება კი მხოლოდ დისტანციური არხებით იქნება შესაძლებელი.
„ჰეშ ბანკის“ საერთაშორისო გადახდების სისტემა 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით იქნება ხელმისაწვდომი, ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტარიფების კუთხით საუკეთესო შეთავაზება ექნებათ. მერაბ კაკულია რამდენიმე სიახლეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ციფრული ბანკის მხრიდან უახლესი ტექნოლოგიური პლატფორმის და პროდუქტის დანერგვას გულისხმობს.
„ჰეშ ბანკის ელექტრონული კომერციის/გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, განსაკუთრებით მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებზე. სისტემა საშუალებას აძლევს მათ უმნიშვნელო ადამიანური და ფინანსური რესურსით, უმოკლეს დროში მიიღონ Visa/MasterCard, Google/Apple Pay და სხვა გადახდები“ - აღნიშნა „ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრმა.
ხაზგასასმელია სიმარტივის და ოპერატიულობის ფაქტორიც. გადარიცხვა შესაძლებელი იქნება როგორც საბანკო ანგარიშის, ისე საერთაშორისო ბარათის ინიციალით, თანხის ასახვა კი მყისიერად მოხდება მიმღების ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა აღჭურვილი იქნება რისკების შეფასებისა და თაღლითობისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებებით, რაც კიბერთავდასხმის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "ჰეშზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. ციფრული ბანკი მომდევნო 7 თვის განმავლობაში მხოლოდ სატესტო რეჟიმში იფუნქციონირებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.