თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ფრთხილი ბიჯებით განაგრძობს - გადაწყვეტილება
ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა, - აღნიშნულია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც სებ-ში ამბობენ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს.
„იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე, მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტამდე, შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, -განმარტავენ სებ-ში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.