აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებისა და მისი გავლენის შესახებ, ასევე პლასტმასის გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ქცევის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმ როლს, რომელსაც თითოეული ადამიანი ასრულებს გარემოს დაცვაში.
გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება სამომავლო პროფესიული არჩევანის უკეთ გააზრებაში.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე; მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით ინიციატივებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.