ბაზისბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის განათლების პროექტების მხარდამჭერია
ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 17 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება, რომლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი თაობის განათლების მხარდაჭერის მიმართულებით:
• ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსება და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირება და დასაქმება ბანკში;
• სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფა;
• უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა;
• „პასკალის პრემიით“ ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება;
• „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სასტიპენდიო პროგრამები;
• ყოველწლიურად, პირველკურსელთა მიღების ცერემონიისა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოების ორგანიზების ფინანსური მხარდაჭერა.
29 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტები გაეცნენ ილიაუნის მისიასა და ღირებულებებს, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ღია კარის დღეზე გამოვლინდა ფოტოკონკურსის „ჩემი დამოუკიდებელი არჩევანი“ გამარჯვებული, რომელსაც ბაზისბანკისგან საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა Canon EOS 2000D გადაეცა. კონკურსის მიზანი იყო პროფესიის შერჩევისას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მნიშვნელობის ასახვა ერთ კადრში. გამარჯვებულის ფოტოკამერის ფოკუსში ფსიქოლოგის პროფესია მოხვდა.
2025 წლიდან ბაზისბანკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ინტენსიური გახდება და ახალი თაობის განათლების მხარდაჭერისა და წახალისების მიმართულებით ახალ მასშტაბებს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
19.08.2026.14:15
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის, დოქტორანტ დემეტრე ჯანჯალაშვილის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ - ფარგლებში, პირველ საერთაშორისო კონფერენციაში - "ნიადაგის დეგრადაცია და აღდგენა - მეცნიერება, მართვა და განვითარება", მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია ესპანეთში, ვალენსიის უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობდნენ.
პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა ინაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის ძირითად სამეცნიერო მიზანს წარმოადგენდა გლობალურ დონეზე ნიადაგის დეგრადაციის მრავალკომპონენტიანი პროცესების კომპლექსური ანალიზი, საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება.
„კონფერენციის შვიდდღიანი პროგრამა მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ აკადემიურ სესიებსა და ოთხდღიან საველე-კვლევით სამუშაოებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა ადგილზე შეეფასებინათ ნიადაგის დეგრადაციის პრაქტიკული მაგალითები და აღდგენის ინოვაციური, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები. აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებულ, სტრატეგიულ აქტუალურობას იძენს საქართველოსთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კლიმატის გლობალური ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების ინტენსიფიკაციის ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე კატასტროფულად გააქტიურდა ბუნებრივი საშიში პროცესები. განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია წყლისმიერმა ეროზიამ, რასაც თან სდევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის სტრუქტურული დენუდაცია და სასოფლო-სამეურნეო თუ ტყის სავარგულების გამოფიტვა და რღვევა. ამასთანავე, ქვეყნის მაღალმთიან და მთისწინეთის რეგიონებში, მათ შორის აჭარაში, გურიაში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთსა და სვანეთში, მკვეთრად გაიზარდა ღვარცოფული ნაკადების, მეწყრული პროცესების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირე. აღნიშნული კატასტროფული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რეგიონულ ეკოსისტემებს. ამდენად, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციურ ზონდირებაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემების (Early Warning Systems - EWS) დანერგვა და ნიადაგის აღდგენითი ღონისძიებების მეცნიერულად დასაბუთებული დაგეგმვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.
როგორც ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა აცხადებს, კონფერენციის აკადემიურ სესიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის და ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გაერთიანებულმა სამეცნიერო ჯგუფმა წარადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე - „SAR რადარული უკუგაბნევისა და ოპტიკური ინდექსების ინტეგრაცია ღვარცოფით გამოწვეული ნიადაგის დეგრადაციის შეფასებისთვის: ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე“.
„სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ კვლევაში განხორციელდა Sentinel-1-ის სინთეზირებული აპარატურის რადარული (SAR) მონაცემებისა და Sentinel-2-ის ოპტიკური დისტანციური ზონდირების მრავალსპექტრული ინდექსების სიღრმისეული სინთეზი და ინტეგრირებული ანალიზი. შემუშავებულმა ინოვაციურმა მეთოდოლოგიამ აჩვენა კოსმოსური მონიტორინგის მაღალი სიზუსტე და ეფექტურობა რთული რელიეფური პირობების მქონე რეგიონებში ღვარცოფული კერების იდენტიფიცირების, მათი დინამიკის პროგნოზირებისა და ნიადაგის საფარის დაზიანების ხარისხის შეფასების მიმართულებით. აღნიშნულმა შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დარგობრივი ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება და დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სტრუქტურული უწყებების წარმომადგენლებს“, - აცხადებს კონსტანტინე ბზიავა.
სტუ-ის ინფორმაციით, აკადემიურ სესიების პარალელურად უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ვალენსიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ვალენსიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ალბერტ მონკუზთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, პროფესორ მარია ხოსე კოპერიას-აგუილართან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. სამეცნიერო მივლინების პერიოდში ქართველ მეცნიერთა გუნდმა ასევე დაამყარა მჭიდრო პროფესიული და პარტნიორული კონტაქტები გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგის წამყვან საერთაშორისო მკვლევარებთან და ექსპერტებთან. სამეცნიერო მივლინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შედეგია სტუ-ის დელეგაციის კონფერენციის მთავარ ორგანიზატორთან, ცნობილ ესპანელ მეცნიერთან, პროფესორ არტემი სერდასთან შეხვედრა რა დროსაც მხარეებმა გლობალური სამეცნიერო ფორუმის მომდევნო ეტაპის საქართველოში ჩატარების ინიციატივა განიხილეს.
