ჩვენთვის სტუდენტური ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური პროცესი - Skillwill Swiss College-ის დამფუძნებელი
Skillwill საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანია სასწავლო პროგრამებთან ერთად პრაქტიკულ განათლებაზეა ორიენტირებული და სტუდენტებს პროფესიული განვითარებისთვის შესაბამის გარემოსა და შესაძლებლობებს უქმნის.
Skillwill-ის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პროფესიული განათლების განვითარებაა. კოლეჯში სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს ეუფლებიან, პარალელურად კი იღებენ პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიულ გარემოში განვითარების შესაძლებლობას.
Business Insider Georgia-სთან Skillwill Swiss College-ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებზე, ახალ პროფესიულ სტანდარტებზე, მასწავლებლების საერთაშორისო გადამზადებაზე, სტუდენტურ ცხოვრებასა და იმ შესაძლებლობებზე საუბრობს, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პარალელურად იღებენ.
14 სექტემბრიდან მეორადი ჩარიცხვები დაიწყო. რას ნიშნავს ეს აბიტურიენტებისთვის და ვის შეუძლია ამ შესაძლებლობის გამოყენება?
მეორადი ჩარიცხვები დამატებითი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც პირველ ეტაპზე პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, სასურველი პროგრამა ვერ შეარჩია ან გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღო.
14 სექტემბრიდან მათ შეეძლებათ გამოიყენონ მეორე შანსი, აირჩიონ ჩვენი კოლეჯი, 351 კოდით და მიიღონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროფესიული განათლება.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა დრო არ დაკარგოს და ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელიც რეალურ შესაძლებლობებს გაუჩენს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
რა მიმართულებებს სთავაზობს Skillwill-ი სტუდენტებს და რომელი პროფესიებია დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი?
Skillwill-ში სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ Front-End პროგრამირება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, IT ინფრასტრუქტურის მართვა, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროგრამა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემას არ ემსახურებოდეს. სტუდენტმა უნდა იმუშაოს პრაქტიკულ დავალებებზე, შექმნას პროექტები, შეხვდეს ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სწავლის დასრულებამდე უკეთ დაინახოს საკუთარი პროფესიული გზა.
რა პრინციპით არის მოწყობილი კოლეჯის ინფრასტრუქტურა?
გვინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც სტუდენტს სწავლასთან დაკავშირებული ყველაფერი ადგილზე დახვდებოდა - თანამედროვე აუდიტორიები, ტექნიკურად აღჭურვილი სამუშაო სივრცეები, პრაქტიკული მუშაობისა და გუნდური პროექტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ტექნოლოგიური პროფესიის სწავლა მხოლოდ ლექციის მოსმენას არ ნიშნავს. სტუდენტს უნდა შეეძლოს იდეის დამუშავება, გამოცდა, შეცდომის დაშვება და საბოლოოდ რეალური პროდუქტის შექმნა. ამიტომ ჩვენი სივრცეც პრაქტიკულ და თანამშრომლობით სწავლებაზეა მორგებული.
როგორც ვიცით, ცალკე სტარტაპ და გუნდური მუშაობის ზონებიც გაქვთ. როგორ იყენებენ ამ სივრცეებს სტუდენტები?
ჩვენ გვინდა, სტუდენტმა მიღებული ცოდნა საკუთარ იდეად ან რეალურ პროექტად გარდაქმნას. სტარტაპ ზონები სწორედ ამისთვის შეიქმნა - აქ სტუდენტებს შეუძლიათ გუნდებად მუშაობა, იდეების განხილვა, პროტოტიპების შექმნა და საკუთარი პროექტების განვითარება.
ჩვენი მიზანი მხოლოდ კარგი დასაქმებულების მომზადება არ არის. გვინდა, სტუდენტებს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტებისა და ბიზნესის შექმნის მოტივაციაც მივცეთ.
ტექნოლოგიურ კოლეჯში მაგიდის ფეხბურთიც არის. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ასეთი სივრცეების არსებობა?
სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ აუდიტორიაში გატარებული დრო არ არის. არაფორმალურ გარემოში სტუდენტები ერთმანეთს უკეთ იცნობენ, ქმნიან გუნდებს, ცვლიან იდეებს და ხშირად სწორედ ასეთი ურთიერთობებიდან იწყება საინტერესო პროექტები.
მაგიდის ფეხბურთი, დასასვენებელი და საერთო სამუშაო სივრცეები იმ გარემოს ნაწილია, სადაც სტუდენტმა თავი თავისუფლად და კომფორტულად უნდა იგრძნოს. ინტენსიური სწავლის პარალელურად მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, განტვირთვა და ძლიერი სტუდენტური საზოგადოების ჩამოყალიბება.
Skillwill-მა განათლების სამინისტროსთან ერთად ახალი პროფესიული სტანდარტები შეიმუშავა. რატომ გახდა ახალი მიმართულებების შექმნა საჭირო?
ტექნოლოგიური სფერო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ განათლებამ ამ ცვლილებებს დროულად უნდა უპასუხოს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ 9 ახალი პროფესიული სტანდარტი:
• ციფრული მარკეტინგი
• ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები
• IT პროექტების მენეჯმენტი
• მონაცემთა ანალიტიკა
• პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
• ბლოკჩეინ დეველოპმენტი;
• კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა;
• კიბერინციდენტებზე რეაგირება;
• Cloud ინფრასტრუქტურისა და სერვისების ადმინისტრირება.
ეს მიმართულებები საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში აქამდე დამოუკიდებელი სტანდარტების სახით არ არსებობდა. მათი შექმნით საფუძველი ეყრება პროგრამებს, რომლებიც ახალი თაობის ტექნოლოგიურ პროფესიებსა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებს.
ჩვენი ხედვაა, რომ საქართველომ ტექნოლოგიური ცვლილებები მხოლოდ გარედან არ მიიღოს - ქვეყანამ თავად უნდა მოამზადოს ადამიანები, რომლებიც ახალ პროდუქტებს, სერვისებსა და ბიზნესგადაწყვეტილებებს შექმნიან.
განსაკუთრებით საინტერესოა ბლოკჩეინისა და კრიპტო მიმართულებები. რა პერსპექტივა აქვს ამ სფეროს საქართველოში?
ბლოკჩეინი უკვე აღარ არის მხოლოდ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტექნოლოგია. ის გამოიყენება ფინანსებში, საერთაშორისო გადახდებში, მონაცემთა უსაფრთხოებაში, ლოგისტიკაში, ციფრული იდენტობის მართვასა და სხვა სფეროებში.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებით რეგიონში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს, თუმცა ამისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე ადამიანები. ახალი პროფესიული სტანდარტები სწორედ ასეთი ადამიანური კაპიტალის მომზადების საფუძველს ქმნის.
საერთაშორისო გამოცდილებაზე რომ ვისაუბროთ, Skillwill-ის მასწავლებლებმა ლუგანოში გადამზადების პროგრამა გაიარეს. რას მოიცავდა ეს პროექტი?
ჩვენი სხვადასხვა პროფესიული პროგრამის მასწავლებლებმა ლუგანოში, USI eLab-ისა და Plan ₿ Foundation-ის ჩართულობით, გადამზადების პროგრამის პირველი ეტაპი გაიარეს.
პროგრამა სწავლების თანამედროვე მეთოდებს, პროფესიული განათლების მართვასა და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განვითარებას მოიცავდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება მხოლოდ ცალკეული ვიზიტის ან შეხვედრის დონეზე არ დარჩეს. მიღებული ცოდნა უნდა დაბრუნდეს აუდიტორიაში და პირდაპირ აისახოს სწავლების ხარისხზე.
პროგრამის მეორე ეტაპი სემესტრის ბოლოს არის დაგეგმილი.
სტუდენტები ტოკიოშიც იმყოფებოდნენ. რას აძლევს მათ ასეთი საერთაშორისო გამოცდილება?
ჩვენთვის სტუდენტური ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური პროცესი. ტოკიოში ვიზიტმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ და საგანმანათლებლო გარემოს, შეხვედროდნენ განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს და საკუთარი შესაძლებლობებისთვის უფრო ფართო პერსპექტივიდან შეეხედათ.
საერთაშორისო ვიზიტი სტუდენტს აჩვენებს, რომ საქართველოში მიღებული ცოდნით შეუძლია გლობალურ პროცესებში ჩართვა. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში დამატებით საერთაშორისო ვიზიტებსა და გაცვლით შესაძლებლობებზე ვმუშაობთ. კონკრეტულ მიმართულებებსა და გეგმებს ეტაპობრივად გავაცნობთ სტუდენტებს.
საერთაშორისო ვიზიტების გარდა, რას მოიცავს Skillwill-ის სტუდენტური ცხოვრება?
სტუდენტებისთვის ვატარებთ მასტერკლასებს, შეხვედრებს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, დასაქმების ფორუმებს, კარიერულ აქტივობებს, კონკურსებსა და სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ ღონისძიებებს.
ჩვენ გვინდა, სტუდენტმა სწავლასთან ერთად შექმნას პროფესიული კავშირები, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები და ჯერ კიდევ კოლეჯში ყოფნისას დაიწყოს კარიერული გამოცდილების დაგროვება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის ჩართულობაც.
რატომ უნდა აირჩიონ Skillwill-ი?
თუ ადამიანს სურს ახალი პროფესიის შესწავლა, კარიერის შეცვლა ან ტექნოლოგიურ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, მეორადი ჩარიცხვები ამისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
Skillwill-ში მას დახვდება სრულად დაფინანსებული განათლება, პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები, კვალიფიციური მასწავლებლები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, აქტიური სტუდენტური ცხოვრება და კავშირი რეალურ ინდუსტრიასთან.
ჩვენთან სტუდენტი მხოლოდ პროფესიას არ სწავლობს - ის ხდება გარემოს ნაწილი, სადაც ცოდნას, იდეებსა და შესაძლებლობებს რეალურ შედეგად გარდაქმნის.
Skillwill-ში სტუდენტს ხვდება არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, არამედ სრულად მოწყობილი ტექნოლოგიური გარემო - თანამედროვე აუდიტორიები, პრაქტიკული სამუშაო სივრცეები, სტარტაპ ზონები, დასვენებისა და სოციალიზაციის ადგილები, სასაერთაშორისო გამოცდილება და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
სხვა სიახლეები
Skillwill ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სადიპლომო პროფესიულ პროგრამას MIT Open Learning-ის Universal AI-ით აფართოებს
10.11.2026.18:02
Skillwill ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების (AI Tools) პროფესიულ სადიპლომო პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის შესწავლის შესაძლებლობებს აფართოებს. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა.
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სადიპლომო პროგრამა უკვე მოიცავს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) Open Learning-ის Universal AI პროგრამის სასწავლო მასალას. ამით Skillwill-ის სტუდენტებს წვდომა ეძლევათ MIT-ის პროფესორებისა და ექსპერტების მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებზე. Universal AI-ს ისინი ონლაინ, პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე სწავლის პარალელურად გაივლიან. მისი გავლა AI Tools პროგრამის ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა.
სტუდენტებისთვის Universal AI-ის შეთავაზება Skillwill-ის უფრო ფართო მიზნის ნაწილია - მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრისთვის, სადაც ხელოვნური ინტელექტის უნარები სხვადასხვა პროფესიასა და ინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Skillwill-ის მიერ შექმნილი AI Tools საქართველოში დამტკიცებული ამ ტიპის პირველი პროფესიული სადიპლომო პროგრამაა. ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე გადაიდგა. პრაქტიკულ, სამუშაოსთვის საჭირო უნარებზე ორიენტირებული პროფესიული განათლება კი საქართველოში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზაა.
რატომ შეირჩა MIT Open Learning-ის Universal AI
Universal AI კომპლექსური სასწავლო პროგრამაა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება გაიგონ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ შეიძლება მისი რეალურ გარემოში გამოყენება. სასწავლო გეგმა აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, პრაქტიკულ გამოყენებასა და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შესაბამის მიდგომებს. პროგრამა ფართო აუდიტორიისთვისაა შექმნილი, მათ შორის მათთვისაც, ვისაც სიღრმისეული ტექნიკური ცოდნა არ აქვს.
პროგრამა აგებულია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა მანქანური სწავლება, პროგნოზირება და მოქმედების რეკომენდაციების შესაქმნელად AI-ის გამოყენება (predictive and prescriptive AI), გენერაციული AI, დიდ ენობრივ მოდელები (LLM), მულტიმოდალურ AI, AI აგენტები, მონაცემთა ანალიტიკა და Python პროგრამირების ენა. სტუდენტები ასევე შეისწავლიან, როგორ აიხსნება ხელოვნური ინტელექტის მუშაობა და მიღებული შედეგები, როგორ შეიძლება AI სისტემებში მიკერძოების თავიდან აცილება, რა ეთიკური გამოწვევები ახლავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და როგორია შრომის ბაზრის მომავალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის კერძო კომპანიასა, თუ საჯარო სექტორში დანერგონ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები და მოახდინონ პროცესების ავტომატიზაცია.
ტექნოლოგიების შესწავლასთან ერთად, პროგრამა სტუდენტებს ეხმარება, გააანალიზონ AI-ის შედეგები, კრიტიკულად შეაფასონ მისი გამოყენება და AI-ის მეთოდები და მიდგომები რეალურ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მისაღებად და გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენონ. ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური შედეგების გააზრებასა და მის შესახებ ეფექტიან კომუნიკაციას როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ აუდიტორიასთან.
სწავლება MIT Learn-ის პლატფორმაზე მიმდინარეობს და მოიცავს MIT-ის პროფესორების ლექციებს, სასწავლო პროცესში ინტეგრირებულ შეფასებებსა და დავალებებს, ასევე AskTIM-ს - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ასისტენტს, რომელიც სტუდენტებს სწავლის განმავლობაში ეხმარება.
სასწავლო მასალის წარმატებით დასრულების შემდეგ MIT Open Learning მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს, რომელთა დაგროვებაც ეტაპობრივად არის შესაძლებელი (stackable certificates). მათ შორისაა ცალკეული მოდულების სერტიფიკატები და ყველა საბაზისო მოდულის დასრულების დამადასტურებელი პროგრამის სერტიფიკატი (Program Certificate).
ხელოვნური ინტელექტის შესწავლა პროფესიული განათლების პარალელურად
Universal AI ავსებს Skillwill-ის AI Tools პროფესიული პროგრამის სასწავლო გეგმას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, არჩეული პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დამატებითი ცოდნაც მიიღონ.
AI Tools პროგრამა სტუდენტებს ნულიდან ამზადებს ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებად. სწავლება მოიცავს AI მოდელებსა და სერვისებს, Python-ს, ავტომატიზებულ და AI აგენტებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესებს, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და სრულდება AI პროექტით, რომელიც მუშაობის სრულ ციკლს მოიცავს. კურსდამთავრებულები იღებენ ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტში პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და მზად არიან საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, მომსახურების სფეროს კომპანიებსა და სტარტაპებში სამუშაოდ.
„ხელოვნური ინტელექტი უკვე გასცდა მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტების საქმიანობას - ის სწრაფად იქცევა აუცილებელ ინსტრუმენტად სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Skillwill-ის კურსდამთავრებულები იყვნენ AI სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა და თავდაჯერება ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად გამოსაყენებლად. MIT Open Learning-ის Universal AI-ის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს ვუქმნით დამატებით შესაძლებლობას, ისწავლონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებით და განივითარონ უნარები, რომლებიც სულ უფრო მეტად ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ შრომის ბაზარზე დასჭირდებათ“, - აცხადებს Skillwill-ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.
MIT Open Learning-ის Universal Learning-ის უფროსი დირექტორი მეგან მიტჩელი აღნიშნავს:
„Universal AI სტუდენტებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარების კომპლექსურ და ამავე დროს მარტივად გასაგებ გზას - საფუძვლების შესწავლიდან კონკრეტულ ინდუსტრიებში გამოყენებამდე. ამ თანამშრომლობით ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ Skillwill-ის სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ვეხმარებით ხელოვნური ინტელექტის იმ ცოდნისა და გამოყენების უნარების განვითარებაში, რომლებსაც მათი კარიერა მოითხოვს“.
Skillwill-ის მიზანია, პროფესიული განათლება საერთაშორისო დონეზე შექმნილ ხელოვნური ინტელექტის სასწავლო შესაძლებლობებს დაუკავშიროს და სტუდენტებს დამატებითი ინსტრუმენტები მისცეს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მომავალ კარიერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის.
Skillwill-ის AI Tools პროგრამაზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. სტუდენტებისთვის Universal AI-ც სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი. ამ შესაძლებლობით სარგებლობისთვის მსურველები AI Tools პროგრამაზე უნდა ჩაირიცხონ.