დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტები რეგისტრაციას გადიან. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოცდა იწყება. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
საქართველოს მასშტაბით სრულად მზადაა 24 საგამოცდო ცენტრი, რომელთაგან ყველა აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე. 2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის- 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2026 წლის გამოცდები, ტრადიციულად, ორ სესიად ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
სხვა სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
25.08.2026.11:44
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცენტრის ცნობით, იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.
„შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
ამასთანავე, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მოიპოვა 34150-მა აბიტურიენტმა.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 33).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის უფლება", - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.