ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პროფესიულ გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და პროფესიული გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირის“ დირექტორმა ტატიანა ბერიძემ.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას და რეგულაციების შემუშავებას, რაც ქალების პროფესიულ გაძლიერებას ემსახურება. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, დააჩქარებს მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორის ჩამოყალიბებას, ასევე ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების აღმოფხვრასა და ქალი ლიდერებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეთანხმება მიზნად ისახავს ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში რეგულირებულ საკითხებზე ორგანიზაციის წევრების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების და სიმპოზიუმების ერთობლივ ორგანიზებას.
პროფესიული გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირი“ აქტიურად საქმიანობს ბუღალტერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც სწავლებისა და გადამზადების პროგრამების საშუალებით ახორციელებს. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსისტ ქალთა გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების დელეგაციას მასპინძლობს
14.05.2026.16:29
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები: პროექტის კოორდინატორი სიბილა ბოროიევიჩ შოშტარიჩი (Prof. Sibila Borojević Šoštarić) და სტანკო რუჟიჩიჩი (Prof. Stanko Ružičić) ზაგრების უნივერსიტეტიდან (ხორვატია) და პაველ დანიჰელკა (Prof. Pavel Danihelka) ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუმრები სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ასევე პრეზენტაციების სახით თავიანთ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის პროექტში მონაწილეობს. თეა მურვანიძის განცხადებით, პროექტს, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება, კოორდინაციას ევროპული უნივერსიტეტები უწევენ.
„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო ტრენინგებში, კვლევით აქტივობებსა და ერთობლივ აკადემიურ ინიციატივებში. ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში განათლების ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისა და ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ახალი აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებს თეა მურვანიძე.
სტუ-ის ინფორმაცით, მობილობის პროგრამის ფარგლებში კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გეოლოგიისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჯარო ლექციებს გამართავენ, ხოლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცეში სტუმრებს აკადემიურ, კვლევით და სოციალურ-კულტურულ აქტივობებს შესთავაზებენ.