პაპუნა ლეჟავამ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო გამოცემა The Financial-ის ორგანიზებით და ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით გამართულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში. ფორუმის - საბანკო სექტორის მომავალი (The Future of Banking-ის) ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.
პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე. "2022 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები რამდენიმე კანონში, რითაც შექმნა საკანონმდებლო ბაზა ვირტუალური აქტივებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მათ შორის ცვლილებები ეხებოდა ორგანულ კანონს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და საქართველოს კანონს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტი ეფუძნებოდა ფინანსურ ღონისძიებათა ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს და სხვა იურისდიქციების პრაქტიკულ გამოცდილებას. საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას და გაითვალისწინებს უცხოელი მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას. ეს უზრუნველყოფს თანამშრომლობას და კოორდინაციას ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მარეგულირებელი და საზედამხედველო სირთულეების დასაძლევად," - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
ღონისძიებას საფინანსო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული დრონის პროტოტიპი შეიქმნა
08.05.2026.15:53
„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და საინჟინრო განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი საინჟინრო სკოლისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების ეფექტიანი სინთეზით ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნას. ჩვენთვის, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები. მსგავსი პროექტები მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ იმ ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს. წარმატებებს ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს“, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უპილოტო საფრენი აპარატის საველე და ლაბორატორიული ტესტირებისას განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) პროტოტიპი უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტის შედეგად, აპარატმა საველე და ლაბორატორიული ტესტირების სრული ციკლი წარმატებით გაიარა.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარებაა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები.
„პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებაა. პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური საინჟინრო მიმართულებების განვითარებას. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები, რაც მათთვის არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ რეალურ საინჟინრო ამოცანებზე დაფუძნებულ კვლევებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებას“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალდისციპლინური კვლევები აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს და საერთაშორისო ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.
სტუ-ის რექტორის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია პროექტის გაფართოება და მასში მულტიდისციპლინური გუნდების ჩართვა, რაც გულისხმობს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტეგრირებას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ფაკულტეტების ჩართულობა და თანამშრომლობა აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას უზრუნველყოფს.
„მსოფლიო სწრაფად გადადის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე, სადაც ინოვაცია, მეცნიერება და საინჟინრო აზროვნება სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია; უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულება კი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული, უსაფრთხოების, აგრარული, ლოგისტიკური და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა, არამედ ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და ინდუსტრიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იბადება ინოვაცია, ვითარდება კვლევა და იქმნება პროდუქტი, რომელსაც რეალური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ჩვენი პროექტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს როგორც ინტელექტუალური, ისე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რესურსი ჩაერთოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში და შექმნას კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური პროდუქტები. დრონი, რომელიც გამოვცადეთ, სიმაღლეში 10 კილოგრამამდე ტვირთს წევს. თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ ისეთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 100-დან 150 კილოგრამამდე ტვირთს აწევს და რომლის გამოყენებასაც სამაშველო მიზნებით შევძლებთ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ტექნიკური მახასიათებლებია (HG-0800): ფრენის ხანგრძლივობა - 90 წუთი; მაქსიმალური წონა - 30 კგ (ტვირთამწეობის მაღალი მაჩვენებელი); მაქსიმალური სიჩქარე - 150 კმ/სთ (კრეისერული: 80-90 კმ/სთ); მოქმედების რადიუსი - 40 კმ-მდე; კორპუსი - მსუბუქი და მტკიცე ნახშირბადის ბოჭკო (Carbon Fiber); უსაფრთხოება - ავტოროტაციის სისტემა ენერგიის გათიშვის შემთხვევაში უსაფრთხო დაშვებისთვის.