პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
11.09.2026.11:54
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.
მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.