ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიან ნანეიშვილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა TUM-ის პრეზიდენტთან, პროფესორ თომას ჰოფმანთან გამართეს.
მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ, უფრო მასშტაბურ მოდელზე გადასვლის პერსპექტივები. პრეზიდენტმა თომას ჰოფმანმა ხაზგასმით აღნიშნა TUM-ის მზადყოფნა, აქტიურად დაუჭიროს მხარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას, რაც მოიცავს კვლევით პროცესებში ერთობლივ მონაწილეობას, საერთაშორისო აკადემიურ პროექტებში ინტეგრაციასა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაფართოებას.
ახალი შეთანხმების მიხედვით, KIU-ს აკადემიურ სივრცეს გერმანელი პროფესორების ახალი შემადგენლობა შეემატება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს აკადემიურ პროცესს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცოდნის გადაცემას და კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპის წამყვან სამეცნიერო პრაქტიკასთან. ეს ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე ახალ საფეხურზე აიყვანს. მიუნხენში მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ქალაქ გარხინგის საუნივერსიტეტო კამპუსს, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებით მსოფლიო დონის კვლევით ჰაბს წარმოადგენს. KIU-სა და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერული მეცნიერებების ცენტრი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, სადაც ადგილზე გაეცნენ ინოვაციური მართვისა და სწავლების მეთოდოლოგიებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს KIU-ს აქტიურ ჩართვას გლობალურ აკადემიურ ქსელებსა და მაღალტექნოლოგიურ პროექტებში.
ვიზიტის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა KIU-ს და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრაზე სამართალმცოდნეობის მიმართულებით დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განხორციელება. აღნიშნული პარტნიორობა, სამართლის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის, დამატებითი შესაძლებლობაა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას, ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები TUM-ის სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთანაც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც განიხილეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2026“ გაიხსნა
22.10.2026.14:29
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობა გადაუხადა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს. ვიცე-რექტორი კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მიესალმა, წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.
თავის გამოსვლაში სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის - „ხელისუფლება და საზოგადოება“ - მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ინტელექტუალური კაპიტალი არის უნივერსიტეტის მთავარი ფასეულობა და მსგავსი მაღალი რანგის საერთაშორისო პლატფორმები საუკეთესო შესაძლებლობაა თანამედროვე გლობალური გამოწვევების სამეცნიერო ჭრილში გასაანალიზებლად. ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებისა და კვლევითი პროექტების მოცულობით, მათ შორის, Horizon Europe-ის ფარგლებში, რაც ნათლად ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო-საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო კვლევით სტანდარტებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მუშაობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, საჯარო მმართველობის, ბიზნესტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ახალ თეორიულ და პრაქტიკულ ხედვებს ჩამოაყალიბებს და საფუძველს ჩაუყრის კიდევ ბევრ ერთობლივ აკადემიურ პროექტს.
„საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მრავალწლიანი უწყვეტი დინამიკა ადასტურებს მის აქტუალობასა და წონას თანამედროვე სამეცნიერო სფეროში. გლობალიზაციისა და ბიზნესტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, საჯარო მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების კომპლექსური ანალიზი მოითხოვს მრავალმხრივ ინტერდისციპლინურ მიდგომებს. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია გერმანელი კოლეგების ჩართულობა. ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობა ფორუმს არა მხოლოდ მაღალ ევროპულ აკადემიურ სტანდარტს სძენს, არამედ ქმნის ეფექტურ მექანიზმს ქართულ და გერმანულ საუნივერსიტეტო წრეებს შორის ცოდნისა და კვლევითი მეთოდოლოგიების პირდაპირი გაზიარებისთვის, რაც საფუძვლად უდევს ერთობლივი საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებას”, - განაცხადა ვიცე-რექტორმა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ დეტალურად ისაუბრა იმ აკადემიურ სიკეთეებზე, რასაც აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა ფაკულტეტის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის უზრუნველყოფს.
„ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის ეს კონფერენცია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან იგი პირდაპირ პასუხობს ჩვენს სტრატეგიულ მიზანს ინტეგრირებულ ვიყოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ჩართულობა, რაც ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში და გაეცნონ გერმანულ გამოცდილებას ბიზნესის, მენეჯმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინერგიის მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და სექციური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებას და საფუძველს ჩაუყრის ახალ, ერთობლივ ქართულ-გერმანულ კვლევით პროექტებს“, - განაცხადა დეკანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2026“, მუშაობა სამ სექციად გაგრძელდა: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.

სამეცნიერო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოიცემა საკონფერენციო ნაშრომების კრებული, მინიჭებული საერთაშორისო ინდექსით.