რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მორიგ მნიშვნელოვან მემორანდუმს - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო წვლილი CMS-ექსპერიმენტის II ფაზის მოდერნიზაციის პროგრამაში“ (Technical contribution of Georgian Technical University to the CMS Phase II Upgrade program - LS3, 2026-30). დოკუმენტს ასევე ხელი მოაწერეს CERN-ის დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დირექტორმა ურსულა ბასლერმა, CERN-ის ექსპერიმენტული ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯოვანა ლემანმა და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა CERN-ში, სტუ-ის მეცნიერთა CMS ჯგუფის ლიდერმა, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეთანხმების თანახმად, 2026–2030 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები და ტექნიკური სპეციალისტები ჟენევაში, CERN-ის ბაზაზე CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. მათი საქმიანობა მოიცავს მექანიკურ, საკაბელო, ოპტიკურ-ბოჭკოვან და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ მაღალკვალიფიციურ სამუშაოებს. CMS ექსპერიმენტი წარმოადგენს დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთ მთავარ დეტექტორს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაში. II ფაზის მოდერნიზაციის პროგრამა მიზნად ისახავს CMS-ის მომზადებას High-Luminosity LHC-ის ეპოქისთვის, როდესაც ექსპერიმენტი ათჯერ მეტ მონაცემს მიიღებს, ვიდრე წინა ციკლებში.
სტუ-ის რექტორის თქმით, დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შექმნის და მოამზადებს სპეციალიზებულ საინჟინრო გუნდებს, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად CERN-ში იმუშავებენ. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროექტი ხელს შეუწყობს ქართველი სპეციალისტების ჩართვას მსოფლიო დონის კვლევით ინფრასტრუქტურაში და გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და CERN-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპი განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის. შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ ჩავერთოთ CMS-ის II ფაზის მოდერნიზაციის მასშტაბურ პროგრამაში, რომელიც თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკისა და საინჟინრო მეცნიერებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტია.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის სანდო პარტნიორი ისეთი უმაღლესი დონის სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, როგორიც CERN-ია. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს არა მხოლოდ სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, არამედ ქართველი ინჟინრებისა და ტექნიკური სპეციალისტების უშუალო ჩართულობას CMS-ის დეტექტორის მოდერნიზაციის პროცესში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმუშავებენ მოწინავე ტექნოლოგიებზე, მიიღებენ უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და გახდებიან იმ გლობალური სამეცნიერო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც კაცობრიობის ფუნდამენტური ცოდნის გაფართოებას ემსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ეფუძნება იმ მყარ საფუძველს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა CERN-თან მრავალწლიანი თანამშრომლობით შექმნეს. ჩვენი მკვლევრები წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერიმენტებში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მაღალი ენერგიების ფიზიკის განვითარებაში, წარმატებით წარმოადგენდნენ საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში და თავიანთი პროფესიონალიზმითა და კომპეტენციით კოლეგების აღიარება მოიპოვეს. სწორედ ამ შრომის, ცოდნისა და ერთგულების შედეგია ის მაღალი ნდობა, რომელსაც დღეს CERN-ი ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ გამოხატავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე მეცნიერებაში წარმატება სულ უფრო მეტად ეფუძნება ფიზიკის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებების ერთობლიობას. CMS-ის II ფაზის მოდერნიზაციის პროგრამაში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტისთვის უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ უფრო განავითაროს ეს ინტერდისციპლინური მიმართულებები, გააძლიეროს კვლევითი პოტენციალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო კომპეტენციები.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მძლავრ სტიმულს მისცემს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და ინჟინრებს უფრო აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში.
CERN-თან გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების გზაზე. თანამშრომლობა მრავალ ახალ შესაძლებლობას შექმნის, გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ სამეცნიერო სივრცეში და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ და პროფესიულ შესაძლებლობებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ინჟინრები და სტუდენტები - მაგისტრანტები და დოქტორანტები - CERN-ის ერთ-ერთ უმსხვილეს საინჟინრო პროგრამაში სისტემურად ჩაერთვებიან“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღინიშნა
27.07.2026.19:44
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, სამეცნიერო და აკადემიურმა წრეებმა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, 27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და სამეცნიერო მოვლენის მომსწრენი გახდნენ - ღია კოსმოსში სანაოსნოდ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი გაუშვეს. ამით ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.
დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გასაშლელი რეფლექტორის შექმნაზე, ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი მუშაობდა. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ წარსული წარმატება - ეს საყრდენი წერტილია მომავლის საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად.
დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, მასთან ერთად უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ღირსშესანიშნავი თარიღი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მიულოცა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო უკვე 27 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია.
დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 27 წლის წინ გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შეეძლოთ სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაეტარებინათ და შესაბამისი ცოდნა მომავალი თაობებისთვის გადაეცათ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. რექტორის თქმით, ამ უდიდესმა მიღწევამ აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის - „დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას წარმატებით აგრძელებს.