საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვადიმ ბოგუშმა მეცნიერებისა და განათლების სფეროში აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომის ფარგლებში, მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. დოკუმენტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებაზე, საერთაშორისო კონფერენციებისა და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მოიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების, რადიოელექტრონიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, რაც ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაფართოებას, ახალი კვლევითი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისა და მკვლევრების პროფესიულ განვითარებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაფართოება ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც საფუძველს უყრის ჩვენი ინსტიტუციური თანამშრომლობის ახალ ეტაპს. შეთანხმება მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებას, შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებას ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, რადიოელექტრონიკა, ინჟინერია და თანამედროვე ციფრული ინოვაციები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, ასევე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განვითარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის, მათ ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში, იმუშაონ მრავალეროვან სამეცნიერო გუნდებში, მიიღონ გამოცდილება თანამედროვე კვლევით ლაბორატორიებში და გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიურ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს. გაცვლითი პროგრამები, თავის მხრივ, ქმნის მნიშვნელოვან აკადემიურ გარემოს ცოდნისა და გამოცდილების ინტენსიური გაზიარებისთვის. სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო მოდელებს, კვლევით ინფრასტრუქტურასა და ინოვაციურ პრაქტიკებს, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და აკადემიურ ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს.
გარდა ამისა, თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, კვლევითი ლაბორატორიული პროექტებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
როგორც ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSUIR) რექტორმა, სტუ-ის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან შეხვედრისას განაცხადა 1964 წელს დაარსებული BSUIR-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექნიკური უნივერსიტეტია ბელარუსში, სადაც ინფორმატიკის, IT-ის და რადიოელექტრონიკის მიმართულები 10 ფაკულტეტზე ისწავლება. პროფესორ ვადიმ ბოგუშის თქმით, GTU-სა და BSUIR-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ერთობლივი პროგრამების შემუშავება კვლევისა და პროგრამის განვითარების საერთო ინსტიტუციური პრიორიტეტების საფუძველზე, ასევე ერთობლივი კვლევის განხორციელება აკადემიური და ტექნიკური პერსონალის გაცვლის გზით.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობის განვითარება, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი შექმნის რეალურ შესაძლებლობას ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ აკადემიური და ტექნიკური პერსონალის გაცვლა, ასევე სტუდენტების ჩართულობა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორივე უნივერსიტეტის პოტენციალს და ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას”, - აცხადებს ვადიმ ბოგუში.
სხვა სიახლეები
სტუ-ის კურსდამთავრებული მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანია PwC - ის უფროსი მენეჯერია
10.06.2026.17:46
„დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობისა და საგადასახადო კონსულტაციების სფეროში, საკმაოდ გავლენიან საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიაში ვმუშაობ და ყოველდღიურად მიწევს მრავალფეროვანი და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტა, კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდებს ვურჩევ, სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მისაღებად და პროფესიული უნარების განსავითარებლად. წარმატებული კარიერა ერთ დღეში არ იქმნება, რისთვისაც აუცილებელია შრომა, მიზანდასახულობა, სწავლა, რომელსაც ხარისხიანი განათლება გვაძლევს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია PwC (Pricewaterhousecoopers) უფროსი მენეჯერი ნინო ქვარაია აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს.
უნივერსიტეტის ცნობით, გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვების მართვა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, ქართველი პროფესიონალები სულ უფრო ხშირად იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში. მათ შორისაა ნინო ქვარაია, რომელმაც პროფესიული წარმატების მიღწევა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში - PwC (Pricewaterhousecoopers) შეძლო.
ნინო ქვარაიამ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის „საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის“ სადოქტორო პროგრამა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, იგი აქტიურადაა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში ლოგისტიკის, ოპერაციების მენეჯმენტისა და მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით. ნინოს სამეცნიერო ნაშრომები ეხება თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - ინდუსტრია 4.0-ის გავლენას ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვების ორგანიზებაზე და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის ზრდას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის იყო დრო, როდესაც ჩამომიყალიბდა პროფესიული ხედვა და გავიაზრე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას. სასწავლო პროცესმა მომცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად მესწავლა როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სწორედ ეს კომპეტენციები დამეხმარა შემდგომში საერთაშორისო ბიზნესისა და საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში წარმატებით დამემკვიდრებინა თავი.
განსაკუთრებით ვაფასებ იმ გარემოს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამხვდა - პროფესიონალი ლექტორები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული სივრცეები, რაც ქმნის მოტივაციას, რომ არ დაკმაყოფილდე უკვე მიღწეულით და ყოველთვის ისწრაფვოდე მეტი ცოდნისა და პროფესიული სრულყოფისკენ. უნივერსიტეტმა მასწავლა, რომ წარმატება არ არის მხოლოდ მიღებული დიპლომი. წარმატება არის უწყვეტი სწავლა, შრომა, დისციპლინა და მზადყოფნა ახალი გამოწვევების მისაღებად. მადლობა უნივერსიტეტს“, - აცხადებს ნინო ქვარაია.
სტუ-ის ინფორმაციით, ნინო ქვარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კერძოდ, ფორტ ლუისის კოლეჯში (კოლორადო, აშშ), კვალიფიკაციით, ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კონცენტრაცია საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საშტატო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა. მინიჭებული კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კონცენტრაციით მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი. 2018 წლიდან მუშაობს ფირმების პროფესიონალური სერვისების მრავალეროვნულ ბრენდში, PwC (PricewaterhouseCoopers International Limited), რომელიც არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროფესიული სერვისების ქსელი და ითვლება დიდ ოთხეულში, Deloitte, EY და KPMG-თან ერთად და 2022 წლიდან ნიუ-იორკის ოფისში საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე.
ნინო ქვარაიას კარიერული გზა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო განათლების, პროფესიული განვითარების და უწყვეტი სწავლების მეშვეობით მსოფლიო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბება.
მისი საქმიანობა წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს ახალგაზრდა ქართველებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის, ფინანსების, ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში კარიერის შექმნას გეგმავენ.