საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით საფუძველი ჩაეყარა სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ქვეყანაში ახალ, მასშტაბურ შესაძლებლობებს შექმნის უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში, AMK Management-მა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა Carl Zeiss-ის თანამედროვე, ვიდეოკამერით აღჭურვილი სამეცნიერო მიკროსკოპი, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, უახლესი სისტემა სპეციალურად არის განკუთვნილი მასალათმცოდნეობის სიღრმისეული ანალიზისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება რთული სტრუქტურების მაღალი სიზუსტით შესწავლა და დიაგნოსტიკა, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული უნარების განვითარება.
როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, თანამედროვე სამეცნიერო მოწყობილობა მნიშვნელოვნად განავითარებს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და დოქტორანტების ჩართულობას ინოვაციურ კვლევებში.
„მსგავსი პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მეცნიერებისა და განათლების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-თან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიმართულებით. Carl Zeiss-ის უახლესი სამეცნიერო მიკროსკოპი მნიშვნელოვნად გააფართოებს მასალათმცოდნეობის საუნივერსიტეტო კვლევებს, უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის ექსპერიმენტების ჩატარებას და ხელს შეუწყობს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ სტუდენტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები იმუშავებენ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში გამოიყენება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პარტნიორობა საფუძველს ჩაუყრის არაერთ ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას და სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. საქართველოში Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
08.09.2026.13:07
გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ:
• საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;
• მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;
• შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.
• საქართველო, დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით, 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;
• შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დადასტურდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;
• საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ერთგვაროვნად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;
• კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ე.წ. ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;
• მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;
• 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;
2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და სხვადასხვა ეკონომიკის შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:
• ბულგარეთი
• მოლდოვა
• ყაზახეთი
• მალაიზია
• კვიპროსი
• ჩრდილოეთი მაკედონია
• სომხეთი
• აზერბაიჯანი
• ბრაზილია
• არგენტინა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.
2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.
PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზადყოფნას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.