საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზაციებში შეძლებენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და კარიერული განვითარების მხარდასაჭერად, უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს პარტნიორი ორგანიზაციების წრე გააფართოოს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მსხვილი ქსელური ორგანიზაციაა, რომელთანაც სამომავლო ურთიერთობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმით გაამყარა. დოკუმენტს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცენტრის დირექტორმა არჩილ მამალაძემ მოაწერეს ხელი.
როგორც ვიცე-რექტორმა მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე აღნიშნა, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“, რომელიც საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 21 კლინიკას და 1300-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ამასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონებში სერვისების მიწოდების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, სამედიცინო პერსონალის გარდა საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტები ესაჭიროება.
პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების მიზანი, ერთი მხრივ, საინჟინრო მიმართულების სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდა, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და ახალგაზრდა პროფესიონალთა მომზადებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთ ინსტიტუციებთან პარტნიორობა, რომლებიც ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.
დღეს ჯანდაცვის სფეროს განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინჟინერიასთან. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის გარდა, მას ესაჭიროება ახალგაზრდა ქიმიკოსები, ბიოსამედიცინო ინჟინრები, ფიზიკოსები, ქიმია-ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი ინჟინრები, მშენებლები, ენერგეტიკოსები, არქიტექტორები, ლოგისტები, IT სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და კომპეტენციებს პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებენ და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, მოამზადოს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური ხედვის მქონე სპეციალისტები და მკვლევრები. ეს ახალი პარტნიორობა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული თუ კვლევითი უნარები და თავიანთი პროფესიული კარიერა წარმატებით დაიწყონ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის საფუძველი ჩაეყრება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელიც სარგებლიანი იქნება სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის სექტორისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თქმით, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციებით გამორჩეულ უნივერსიტეტთან, რომელიც კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, გაფორმებული მემორანდუმი კი ცენტრს შესაძლებლობას მისცემს, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ჩართოს პრაქტიკულ საქმიანობაში. არჩილ მამალაძის განცხადებით, ორგანიზაციის საქმიანობაში ახალგაზრდების ინოვაციური ხედვისა და თანამედროვე კომპეტენციების ინტეგრირება მნიშვნელოვანი რესურსია, რაც „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.
სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა ასევე განიხილეს სტუდენტთა სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღინიშნა
27.07.2026.19:44
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, სამეცნიერო და აკადემიურმა წრეებმა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, 27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და სამეცნიერო მოვლენის მომსწრენი გახდნენ - ღია კოსმოსში სანაოსნოდ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი გაუშვეს. ამით ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.
დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გასაშლელი რეფლექტორის შექმნაზე, ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი მუშაობდა. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ წარსული წარმატება - ეს საყრდენი წერტილია მომავლის საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად.
დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, მასთან ერთად უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ღირსშესანიშნავი თარიღი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მიულოცა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო უკვე 27 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია.
დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 27 წლის წინ გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შეეძლოთ სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაეტარებინათ და შესაბამისი ცოდნა მომავალი თაობებისთვის გადაეცათ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. რექტორის თქმით, ამ უდიდესმა მიღწევამ აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის - „დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას წარმატებით აგრძელებს.