საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ბიზნესჰაბის“ სივრცეში, „თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამედროვე საინჟინრო განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს - კერძო სექტორთან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებას - პრიორიტეტად მიიჩნევს. უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს არაერთი თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური პარტნიორობით შეიქმნა და აღიჭურვა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი თანამედროვე სასწავლო ცენტრი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ენერგეტიკული, სამთო-გეოლოგიური და კომუნალური სფეროების ისეთ წამყვან მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „არემჯი“ და სხვა კომპანიები. სწორედ მათთან მჭიდრო პარტნიორობით უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის პრაქტიკულ სწავლებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, „ბიზნესჰაბის“ სივრცეში, „თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „თეგეტა ჰოლდინგს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე „თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი რუსუდან სანიკიძე და კომპანიის წარმომადგენლები.
როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თანამშრომლობის ახალი ეტაპი უმაღლესი განათლებისა და ბიზნესის სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის შეთავაზებას ისახავს მიზნად.
„უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის პარტნიორობით იქმნება ინტეგრირებული თანამშრომლობის მოდელი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი და კერძო სექტორი, როგორც პრაქტიკული გამოცდილების წყარო ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო - მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიანი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სრულად მორგებული სპეციალისტები. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით სასარგებლოა სტუდენტებისთვის იმ მხრივ, რომ მათთვის სწავლის პროცესშივე უზრუნველყოფილი იქნება რეალური პროფესიული გარემო, სადაც ახალგაზრდები პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ. კერძო სექტორთან ინტეგრაცია საშუალებას გვაძლევს, საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად მოვარგოთ შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს და უზრუნველვყოთ კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა.
კერძო სექტორისთვის ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვან ინვესტიციაა ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად, რადგან უნივერსიტეტთან პარტნიორობით დამსაქმებელი კომპანიები ახალი თაობის სპეციალისტების ფორმირებაში მონაწილეობენ და ამით უზრუნველყონ ახალგაზრდების პროფესიული უნარების შესაბამისობას ინდუსტრიის მოთხოვნებთან.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს სასწავლო, კვლევითი და პრაქტიკული სივრცეები, ასევე თანამედროვე ლაბორატორიები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის კერძო სექტორთან, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით მოწყობილი სასწავლო ცენტრი სტუდენტების განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას დაიმსახურებს. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი „თეგეტა ჰოლდინგს“ და მის დამფუძნებელს - ბატონ თემურ კოხოძეს, რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულია. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა პარტნიორს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ-პროგრამებში ჩაერთვებიან როგორც სტუდენტები, ასევე მოქმედი სპეციალისტები და დამწყები ავტომექანიკოსები, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
21.09.2026.17:46
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და პარტნიორობის გაღრმავების გზები განიხილეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უცხოელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესები გააცნეს.
ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის მეცნიერთა დელეგაციას ამავე აკადემიის პრეზიდენტი, მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის სოლის საპატიო პროფესორი, შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მეტალის მატრიქსული კომპოზიტების სახელმწიფო საკვანძო ლაბორატორიის დირექტორი, პროფესორი დი ძიანგი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, ორმხრივად პრიორიტეტული სფეროები მონიშნეს და განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე კვლევით პროცესებში ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს.
ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიას შორის პარტნიორობა გააღრმავებს და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას საინჟინრო დარგების მიმართულებით, მხარეებს ინოვაციური მიდგომების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სწავლების სამივე საფეხურზე აკადემიური პროგრამების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალი ხარისხის განათლებისა და ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.
„ჩინურ სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობა ეფექტურად განავითარებს როგორც საერთაშორისო საგრანტო ინიციატივებს, ისე მნიშვნელოვნად გაზრდის გლობალურ სამეცნიერო ქსელებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას. სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და კვლევითი კოლაბორაციის პროცესში გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პირადად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან, რათა მაქსიმალურად გაფართოვდეს ინტერნაციონალიზაციის საზღვრები და აკადემიურ წრეებს მიეცეთ წვდომა მსოფლიო დონის კვლევით პლატფორმებთან. ეს გვაძლევს მყარ გარანტიას, რომ ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიასთან დაწყებული ეს პარტნიორობა იქნება ხანგრძლივი, პროდუქტიული და ორივე ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებისთვის რეალური, ხელშესახები შედეგების მომტანი“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა დი ძიანგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თბილი და საქმიანი მასპინძლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუ-ს გააჩნია მნიშვნელოვანი საინჟინრო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალი, რაც გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის საიმედო საფუძველს ქმნის. პროფესორმა დი ძიანგმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრები გარდამტეხ როლს ითამაშებს სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის საქმეში.
სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას გაეცნენ. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები და მოქმედი გამოფენები.