საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას - „იტალიური ტრიპტიქი: ჯოტო, წმინდა ფრანცისკე ასიზელი, დანტე და იტალიური ჰუმანიზმის დაბადება“ - საჯარო ლექცია მიუძღვნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ეს მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერი და იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა.
პროფესორი ალესანდრო მაზი ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის წარმომადგენლებს სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ წარუდგინეს.
ზურაბ გუდავაძის თქმით, თბილისში პროფესორ მაზის საპატიო სტუმრის სტატუსით ვიზიტი, რაც დანტეს საერთაშორისო დღის აღნიშვნას ეძღვნება, განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მოვლენაა, მისი საჯარო ლექცია კი პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.
„მოხარული ვართ, რომ Dantedì 2026-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნება და მასში ჩართულნი არიან საქართველოსა და იტალიის აკადემიური, ასევე კულტურული წრეები, მათ შორის საპატიო სტუმრის სტატუსით - დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი - მწერალი, ჟურნალისტი, და ხელოვნების ექსპერტი, პროფესორი ალესანდრო მაზი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უწყობს ხელს იტალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. მისი საჯარო ლექცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა იტალიური ცივილიზაციით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, შეეხება იმ ისტორიულ და კულტურულ პროცესებს, რომლებმაც შუა საუკუნეების ევროპა ახალ ეპოქაში გადაიყვანა და ადამიანი ხელოვნების, აზროვნებისა და კულტურის პრიორიტეტად აქცია. დარწმუნებული ვართ, პროფესორი მაზი აუდიტორიას თანამედროვე კონტექსტში მიაწვდის აკადემიურ ანალიზსა და მსჯელობას ჰუმანიზმის მნიშვნელობის შესახებ. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას, აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებას და საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას”, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.
საჯარო ლექციაზე ალესანდრო მაზიმ ისაუბრა იტალიური და ევროპული ცივილიზაციის სამი უდიდესი ფიგურის - ჯოტოს, წმინდა ფრანცისკე ასიზელისა და დანტე ალიგიერის სულიერი და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ. მისი მოსაზრებით, ბუმბერაზი სამეული ქმნის ერთიან კულტურულ „ტრიპტიქს“, რომელმაც იტალიური ჰუმანიზმის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.
პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ და ინტელექტუალურ პროცესებზე, რომლებმაც XIII-XIV საუკუნეების იტალიაში ადამიანის - როგორც შემოქმედი და მოაზროვნე ინდივიდის - ახალი აღქმა ჩამოაყალიბა. მისი განმარტებით, ჯოტომ მხატვრობაში, წმინდა ფრანცისკე ასიზელმა სულიერ ცხოვრებაში, ხოლო დანტემ ლიტერატურაში საფუძველი დაუდეს ახალ ხედვას, რომლის ცენტრშიც ადამიანი, მისი ღირსება, გამოცდილება და შინაგანი სამყარო მოექცა.
ალესანდრო მაზიმ ასევე ისაუბრა იმ ძლიერ გავლენებზე, რაც სამმა უდიდესმა მოღვაწემ ევროპული კულტურის შემდგომ განვითარებაზე იქონია და აღნიშნა, რომ ჰუმანიზმის ღირებულებები თანამედროვე საზოგადოების კულტურული და ეთიკური საფუძვლებია. მისი თქმით, სწორედ ამ მემკვიდრეობამ განსაზღვრა ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი მიმართულებები და ხელი შეუწყო განათლების, ხელოვნებისა და მეცნიერების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ლექცია - „იტალიური ტრიპტიქი: ჯოტო, წმინდა ფრანცისკე ასიზელი, დანტე და იტალიური ჰუმანიზმის დაბადება“ - დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა ჰუმანიზმის, იტალიური კულტურის, დანტეს შემოქმედებისა და თანამედროვე ევროპული კულტურული პროცესების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.
სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დაწყებამდე პროფესორ ალესანდრო მაზის და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგნიძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოებას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
სხვა სიახლეები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
11.09.2026.11:54
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.
მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.