საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანია „ავტობანთან“ პარტნიორობით, ინოვაციური სასწავლო სივრცე გაიხსნა
„თანამედროვე უმაღლესი განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად განისაზღვრება აკადემიური ცოდნისა და რეალური ინდუსტრიული გამოცდილების ინტეგრაციით. ამდენად, კერძო სექტორთან პარტნიორობის გაღრმავება უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი საფუძველია. უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ სარგებელს ქმნის - სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საწარმოო პროცესებს, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და გაზარდონ დასაქმების პერსპექტივა. თავის მხრივ, კომპანიები მონაწილეობენ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, ხოლო უნივერსიტეტი საკუთარ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალს რეალური ეკონომიკის საჭიროებებს უკავშირებს. ეს თანამშრომლობა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის ინტერესებით არ შემოიფარგლება - იგი ქმნის ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლის, ინოვაციების დანერგვის, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელოვან საფუძველს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ინოვაციური სასწავლო სივრცის გახსნისას განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტსა და კომპანია „ავტობანს“ შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ინოვაციური სასწავლო სივრცე გაიხსნა. პროექტი უმაღლესი განათლებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კილის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ბიზნესის სკოლის მეწარმეობის მიმართულების დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი; ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები; სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე; სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი; სტუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე; სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ალექსანდრ სლადკოვსკი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია; ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები; ასევე კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებლები - ბაკურ ხუნდაძე და ნინო გოგოლაძე; ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი; თბილისის საკრებულოს დეპუტატი და მოქმედი ავტომრბოლელი შალვა ოგბაიძე; პროექტის არქიტექტორი თორნიკე დადიანი; ცნობილი ქართველი სპორტსმენი მერაბ შარიქაძე და სხვა მოწვეული პირები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, უნივერსიტეტი კერძო სექტორთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მიმართულებას საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განიხილავს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კერძო სექტორის წამყვან წარმომადგენლებთან მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ მხრივ აღსანიშნავია პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: „თეგეტა ჰოლდინგი“, „ბაუმერი“, „ლაიონ ტრანსი“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „არემჯი“ და სხვა ორგანიზაციები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ უნივერსიტეტის სივრცეში კერძო სექტორის მხარდაჭერით შექმნილ თანამედროვე სასწავლო და პრაქტიკულ ცენტრებსა და ლაბორატორიებს. ამ კუთხით გამოსარჩევია „ბაუმერის“ საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო სივრცე, „ლაიონ ტრანსის“ მხარდაჭერით გახსნილი ელექტრომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამედროვე სასწავლო ცენტრი. ამ თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელებაა კომპანია „ავტობანის“ მხარდაჭერით შექმნილი ინოვაციური სასწავლო სივრცე. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაფართოვდება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობით უნივერსიტეტში კიდევ უფრო მეტი თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობა შეიქმნება. ჩვენი საერთო მიზანია, მოვამზადოთ პროფესიონალები, რომლებიც არა მხოლოდ უპასუხებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
ახალი სასწავლო სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებით არის აღჭურვილი და სპეციალურად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტების საჭიროებებზეა მორგებული. მისი ფუნქციური დანიშნულება საუნივერსიტეტო აკადემიური ცოდნის ინდუსტრიულ გამოცდილებასთან ინტეგრირება და სასწავლო პროცესში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებაა.
როგორც ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, ახალი სივრცის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საინჟინრო განათლების ხარისხის ამაღლებისა და სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების სრულყოფის მიმართულებით.

„კომპანია „ავტობანთან“ თანამშრომლობით შექმნილი ახალი სასწავლო სივრცე სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოიყენონ და გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს. ჩვენი ამოცანაა, სტუდენტებს შევუქმნათ ისეთი საგანმანათლებლო და კვლევითი გარემო, რომელიც მათ პროფესიულ ზრდას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, ბიზნესსექტორთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად გავითვალისწინოთ ინდუსტრიის რეალური საჭიროებები და მოვამზადოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საინჟინრო კადრები“, - განაცხადა ბორის გითოლენდიამ.
სტუ-ის ინფორმაციით, ახალ სივრცეში რეგულარულად ჩატარდება დარგობრივი თემატიკის ლექციები, წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები და პრაქტიკული სემინარები. აღნიშნული აქტივობები სტუდენტებს დაეხმარება, გაეცნონ საავტომობილო ინდუსტრიაში მიმდინარე ტექნოლოგიურ და პროფესიულ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება დარგის წარმომადგენლებისგან და უკეთ მოემზადონ პროფესიული საქმიანობისთვის.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.