საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე ფუნქციონირებს
„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ ინდუსტრიის საჭიროებებთან, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შევუქმნათ პრაქტიკულ კვლევებში ჩართვის თანამედროვე გარემო, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურება“, – ამის შესახებ სტუ-ის მასალათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიშვილი აცხადებს.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაძლიერების, თანამედროვე ლაბორატორიული ბაზის განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებას, საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებასა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაზრდას აგრძელებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა კვლევის ცენტრი, რომელიც თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე სპეციალიზებული კვლევითი პლატფორმაა.
უნივერსიტეტის ცნობით, მასალათა კვლევის ცენტრი 2024 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის მხარდაჭერით დაარსდა. ცენტრი აერთიანებს განათლებას, მეცნიერებასა და ინოვაციას და ორიენტირებულია როგორც სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო, ისე პრაქტიკული და კომერციული საქმიანობის განვითარებაზე.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, ცენტრის მთავარი მიზანია თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის გამოყენებით ლითონებისა და სხვა საინჟინრო მასალების სრულყოფილი კვლევა, ახალი ცოდნის შექმნა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული მომზადება, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის მაღალი ხარისხის საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურების შეთავაზება.
როგორც ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, მასალათა კვლევის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს მასალების კომპლექსურ ანალიზს. ცენტრში შესაძლებელია ქიმიური, მექანიკური და მეტალოგრაფიული კვლევების ჩატარება, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასება, მასალების მიკროსტრუქტურის შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
„ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს მასალების კომპლექსურ ანალიზს, მათ შორის ქიმიურ, მექანიკურ და მეტალოგრაფიულ კვლევებს, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასებასა და მასალების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
მასალათა კვლევის ცენტრის შესაძლებლობების გამოყენება შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს, ასევე საწარმოებს, კერძო კომპანიებს, ინჟინრებსა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს, რომელთაც ესაჭიროებათ მასალების ხარისხის, სტრუქტურისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების კვლევა.
ლაბორატორიაში შესაძლებელია ლითონებისა და შენადნობების, საინჟინრო დანიშნულების მასალების, კომპოზიტების, პოლიმერებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული ნიმუშების შესწავლა. კვლევები მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, წარმოება და სხვა საინჟინრო სფეროები.
მასალათა კვლევის ცენტრის განვითარება უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული განათლების მიღების შესაძლებლობა, ხოლო ინდუსტრიას შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურება. ჩვენი მიზანია, ცენტრი გახდეს სივრცე, სადაც აკადემიური ცოდნა, ინოვაცია და წარმოების საჭიროებები ერთიანდება“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, კვლევითი ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს, ისე სახელმწიფო უწყებებს, კერძო კომპანიებს, საწარმოებს, სამშენებლო, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობისა და სხვა ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სხვადასხვა მასალის ექსპერტიზა და ლაბორატორიული კვლევა სჭირდებათ. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, ცენტრის საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალი სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით ქსელებში აქტიურ ინტეგრაციას.
„დღეს მეცნიერებისა და წარმოების დაახლოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კვლევითი ცენტრები არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, რომ ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან კვლევით და ინოვაციურ პროექტს განახორციელებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც მეცნიერების, ისე ინდუსტრიის განვითარების საქმეში.
თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ხარისხიანი განათლების, კონკურენტუნარიანი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მასალათა კვლევის ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარონ კვლევები და მიიღონ მაღალი სიზუსტის შედეგები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი ქმნის მყარ საფუძველს უნივერსიტეტსა და რეალურ სექტორს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და სამრეწველო განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, ცენტრში იკვლევენ ლითონებსა და შენადნობებს, კომპოზიტურ და პოლიმერულ მასალებს, სხვადასხვა საინჟინრო დანიშნულების კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიური პროცესების შედეგად მიღებულ ნიმუშებს. ჩატარებული კვლევები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ მასალების ხარისხი, გამძლეობა, სტრუქტურა, ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა. მასალათა კვლევის ცენტრი მეცნიერების, განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.