საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ - გაიხსნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამთო საქმისა და გეოლოგიის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და მინერალური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.
კონფერენცია, რომელიც ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა), გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ განაცხადა, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები ხელს უწყობს დარგში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გაცნობას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„სამთო საქმე და გეოლოგია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მინერალურ-რესურსული პოტენციალი, რომლის ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების ათვისების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს, ახალი სამეცნიერო იდეების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერებს და წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ კონფერენციას“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.
კონფერენციას ესწრებოდა მხარდამჭერი კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე. მისი განცხადებით, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლო დარგის მდგრადი განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობასა და პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. მისივე თქმით, RMG, როგორც სამთო სექტორში მოქმედი კომპანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარგის განვითარებასა და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობას. ამასთან, კომპანია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას, წარმატებულ სტუდენტებს კი სტიპენდიებს უნიშნავს, რითაც მათ სწავლისა და პროფესიული წინსვლის მოტივაციას უძლიერებს. RMG-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს სამთო საქმისა და გეოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერებას და დარგისთვის კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებას.
სტუ-ის ინფორმაქციით, კონფერენციის ძირითადი თემატიკა მოიცავს სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, ბუნებრივ საფრთხეებსა და გარემოს დაცვას, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიასა და გეოფიზიკას.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები და განიხილონ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია RMG.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს
17.11.2026.19:20
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუდენტებს ულოცავს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ცოდნისა და პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან მიღწევებს, წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას უსურვებს.
მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ძვირფასო სტუდენტებო!
გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!
17 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე თაობას აკისრია.
სტუდენტთა საერთაშორისო დღე თავისუფლების, ცოდნისკენ სწრაფვის, თანასწორობის, სოლიდარობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის სიმბოლოა. ეს დღე გვახსენებს, რომ განათლება საზოგადოების პროგრესის, დემოკრატიული განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და სახელმწიფოს მდგრადი მომავლის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
განსაკუთრებული სითბოთი მივმართავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს - მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ, ვინც უკვე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში, და მათაც, ვინც უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სივრცეში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას.
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი ასწლოვანი ისტორიული ტრადიციებით, აკადემიური გამოცდილებითა და სამეცნიერო პოტენციალით, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტობას, როგორც უნივერსიტეტის უმთავრეს ღირებულებასა და მისიის განხორციელების მთავარ საფუძველს. ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია განუყოფელია იმ თაობების ისტორიისგან, რომლებმაც პროფესიონალიზმით, მეცნიერული მიღწევებითა და შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, საინჟინრო, სამრეწველო, კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებაში.
თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ახალი მიღწევები, ეკოლოგიური გამოწვევები და გლობალური ეკონომიკური პროცესები სრულიად ახალ მოთხოვნებს აყენებს განათლების სისტემისა და მომავალი პროფესიონალების წინაშე.
ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში, გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, მკვლევრები, ინჟინრები, ტექნოლოგები, მეწარმეები და ლიდერები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტური ჩართულობა უნივერსიტეტის მართვისა და განვითარების პროცესებში. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც წარმოუდგენელია სტუდენტთა მოსაზრებების, საჭიროებების, ინიციატივებისა და პასუხისმგებლიანი თანამონაწილეობის გარეშე. სტუდენტების ხმა, მათი კრიტიკული აზრი და კონსტრუქციული მონაწილეობა ქმნის იმ აკადემიურ გარემოს, რომელშიც ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, სამართლიანობა და თანამშრომლობა უმთავრეს ღირებულებებად გვევლინება.
ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ თაობა, რომლის წინაშეც განსაკუთრებული შესაძლებლობები და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. საქართველოს განვითარება, მისი ეკონომიკური სიძლიერე, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, სამეცნიერო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანას სჭირდება განათლებული, კომპეტენტური, თავისუფალი და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ არა მხოლოდ საკუთარი წარმატების მიღწევის სურვილი, არამედ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებული განცდაც.
გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, ღირსეულ პროფესიულ მომავალსა და დიდ გამარჯვებებს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.