საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, რითაც ხაზი გაესვა მათი აქტიური ჩართულობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ფესტივალში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და მათი აკადემიური მენტორები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური მოწყობილობები, ინოვაციური პროექტები, პრაქტიკული დანიშნულების მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რითაც წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების მრავალფეროვნება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობები.
როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ფესტივალი ხელს უწყობს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას და რეგიონებში არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარმატებით წარმოაჩენს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს იმ სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნებასა და კვლევით პოტენციალს, რომელიც სტუ-ში არსებობს. ამასთანავე, ფესტივალი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიური დამუშავებები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
„მეცნიერების განვითარება მხოლოდ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შრომისა და ჩართულობის დაფასება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას. მადლობის სიგელები მათი ძალისხმევის აღიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის წახალისების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.
სტუ-ის ცნობით, სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილს, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძესა და გიორგი ფალავანდიშვილს.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.