საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Rotterdam University of Applied Sciences, ჰოლანდია) პროფესორმა კაროლე ვესტერკამპმა (Carole Westerkamp) საჯარო ლექცია გამართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კაროლე ვესტერკამპის საჯარო ლექცია - „კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“ - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სფეროთი დაინტერესებულმა მსმენელებმა.
ლექციის ფარგლებში როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა როგორც ინტერპერსონალურ, ორგანიზაციულ და ციფრულ კომუნიკაციის სტრატეგიებზე, ისე სოციალური მედიის გავლენას და ვირტუალური თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე; გარდა ამისა, განიხილა ინფორმაციის გადაცემის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კაროლე ვესტერკამპმა სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებიდან პრაქტიკული მაგალითები და რეკომენდაციები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება პროფესიულ გარემოში. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო აკადემიური შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციას.
„21-ე საუკუნეში, როცა ტექნიკა სინათლის სიჩქარით ვითარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კომუნიკაციის როლის გააზრება. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკურ ცოდნასა და პროგრამირებას უკავშირდება, თუმცა რეალობაში დარგი ასევე დამოკიდებულია ეფექტიან კომუნიკაციაზე - იქნება ეს გუნდური მუშაობა, პროგრამული პროდუქტების ერთობლივი განვითარება, მომხმარებელთან ურთიერთობა თუ იდეების მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემა. თანამედროვე IT სპეციალისტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სამიზნე აუდიტორიისთვის ტექნიკური ინფორმაციის ტრანსფორმაცია გასაგებ ენაზე შეძლოს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას ფლობდნენ, არამედ ეფექტიანი კომუნიკაციის მეშვეობით შეძლონ თავიანთი იდეების გადმოცემა და საერთაშორისო გარემოში წარმატებული ინტეგრაცია. ამ და სხვა მიზეზთა გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციის უნარების განვითარება ინტეგრირებულია სასწავლო პროგრამებში და სხვადასხვა პრაქტიკულ კომპონენტში - პრეზენტაციებში, გუნდურ პროექტებში, კვლევით საქმიანობასა და საჯარო გამოსვლებში. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური განათლება, არამედ ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან პროფესიონალებად, შეძლონ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი წარმატებით რეალიზაცია საერთაშორისო გარემოში“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
სტუ-ის ინფორმაციით, ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელზეც როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორისგან სტუდენტებმა საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
30.06.2026.16:28
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო ქართული სასულიერო არქიტექტურის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენა, მისი დაცვისა და თანამედროვე ურბანულ გარემოში ინტეგრაციის საკითხების განხილვა, ასევე დარგის მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტები, ასევე პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა მარტიკამ, რომელმაც კონფერენციას ონლაინ ფორმატში შეუერთდა და მონაწილეებს საკუთარი სამეცნიერო ხედვა გაუზიარა სასულიერო არქიტექტურის, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე ქალაქგეგმარებითი გამოწვევების შესახებ.
„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რადგან სწორედ არქიტექტურის სფეროა ის მიმართულება, სადაც ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და თანამედროვე განვითარების ხედვა ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება.
ქართული სასულიერო არქიტექტურა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილია. მისი შესწავლა, დაცვა და თანამედროვე ურბანულ გარემოში სწორი ინტეგრაცია დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კონფერენციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარების, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
მოხარული ვართ, რომ კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები. მადლობა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს, ანა მარტიკას, საინტერესო თემის წარმოდგენისთვის.
ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას, კონსერვაციასა და თანამედროვე არქიტექტურულ პროცესებთან მის დაკავშირებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებები და სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სასულიერო არქიტექტურის შემდგომ შესწავლაში, ისე იმ პროფესიული ხედვების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე ქალაქთმშენებლობის ჰარმონიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მადლობას ვუხდი ყველა მომხსენებელს, მონაწილეს, სტუდენტსა და პარტნიორ ორგანიზაციას. სწორედ ასეთი სამეცნიერო ღონისძიებები აძლიერებს უნივერსიტეტის აკადემიურ ავტორიტეტს, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ახალგაზრდა თაობას უქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს თანამედროვე არქიტექტურული მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე პროფესიულ დისკუსიაში“, - აცხადებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის განვითარების ისტორიულ ეტაპებს, ეკლესია-მონასტრების არქიტექტურულ თავისებურებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიდგომებს, ისტორიული ურბანული სივრცეების განვითარების ტენდენციებსა და ქალაქთმშენებლობის იმ გამოწვევებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.