მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში განხორციელდა და ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციების ციკლს მოიცავდა, მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის დარგის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, განახლებული პროექტის ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორმა ოპერატიული რეჟიმისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებში, გიორგი ამუზაშვილმა, გამართა. ლექციის თემა იყო „ოპერატიული მართვა და სისტემური ავარიები“, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საჯარო ლექცია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ღრმად გაეცნონ ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვის პრინციპებს, დისპეტჩერიზაციის მნიშვნელობასა და იმ პროცესებს, რომლებიც ენერგოსისტემის მდგრადი მუშაობის შენარჩუნებას ემსახურება. როგორც პროფესორი ქეთი ქუთათელაძე აცხადებს, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა მოითხოვს სხვადასხვა კომპონენტის კოორდინირებულ მუშაობას, რეჟიმული პარამეტრების მუდმივ კონტროლსა და შესაძლო დარღვევებზე დროულ რეაგირებას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიული მართვის ეფექტიანობას, სისტემური რისკების შეფასებასა და ავარიული სიტუაციების პრევენციას.

„სისტემური ავარიების საკითხი თანამედროვე ენერგეტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ელექტროენერგეტიკული სისტემის მასშტაბისა და ურთიერთდაკავშირებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ცალკეულ ელემენტებში წარმოქმნილმა დარღვევებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სისტემის სხვა კომპონენტების მუშაობაზეც. შესაბამისად, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ოპერატიული მართვის გამართული მექანიზმები, პროცესების ზუსტი მონიტორინგი და ტექნიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილებების დროულად მიღება. აღნიშნული საკითხების პრაქტიკული ჭრილით განხილვა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიაზრონ ენერგოსისტემის მართვის სირთულეები და ამ მიმართულებით სპეციალისტების პასუხისმგებლობა.

პროექტის „ენერგეტიკის ღია სივრცე“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა აკადემიური განათლებისა და დარგობრივი პრაქტიკის დაახლოება. მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით ორგანიზებული საჯარო ლექციები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ პროფესიონალებისგან მიიღონ ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევების, ტექნოლოგიური პროცესებისა და პრაქტიკაში გამოყენებული მართვის მიდგომების შესახებ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას, სტუდენტთა პროფესიული ინტერესების გაღრმავებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას.

ენერგეტიკა თანამედროვე ეკონომიკისა და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ენერგოსისტემის საიმედოობა, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება და ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კვალიფიციურ სპეციალისტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ეფექტიან მართვაზე. შესაბამისად, დარგის მომავალი პროფესიონალებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და რეალური სამუშაო პროცესების გაცნობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.

უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე პროექტის განახლება სტუდენტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციების ციკლი ხელს უწყობს დარგობრივი ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. „ენერგეტიკის ღია სივრცე“ ქმნის შესაძლებლობას, სტუდენტებმა აკადემიური განათლების პარალელურად მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და უკეთ მოემზადონ იმ პროფესიული გამოწვევებისთვის, რომლებიც თანამედროვე ენერგეტიკის სფეროში მუშაობას უკავშირდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა

27.11.2026.22:11

რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.

ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.

კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.

IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა