მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

news image
mbc image

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სპორტი კი გვასწავლის მიზნის დასახვას, დისციპლინას, მოთმინებას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და სირთულეების დაძლევას. ორივე მიმართულება მოითხოვს შრომას, თანმიმდევრულობასა და მუდმივ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, აკადემიური საქმიანობა და სპორტული აქტივობა ერთმანეთის შემავსებელია და ახალგაზრდას წარმატებისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო. პროექტის გახსნის ღონისძიება „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე გაიმართა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში და წარმოაჩინონ როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობები, ისე გუნდური მუშაობის უნარი. ლევან ფიფიას თქმით, ფაკულტეტებს შორის ორგანიზებული აქტივობები ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აქვთ. პროექტი სტუდენტებს საერთო სივრცეში აერთიანებს და საშუალებას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. სტუდენტური თამაშები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და სპორტულ, ინტელექტუალურ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებს გააერთიანებს. პროგრამის მრავალფეროვნება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებასა და ღონისძიებაში, გამოსცადონ საკუთარი ძალები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ფაკულტეტებს შორის გუნდური თანამშრომლობის კულტურის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტურნირის ციფრული მართვა სრულად Gamo-ს პლატფორმაზე განხორციელდება. Gamo ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სამოყვარულო სპორტის ციფრულ ეკოსისტემას ქმნის - აერთიანებს მოთამაშეებს, სპორტულ სივრცეებსა და შეჯიბრებებს ერთ პლატფორმაზე. მონაწილეები და გულშემატკივრები თამაშების განრიგს, შედეგებსა და სატურნირო ცხრილებს gamo.ge-ზე გაეცნობიან. დაგროვილი შედეგები კი გუნდების სპორტულ ისტორიას შექმნის და მათი პროგრესის ანალიზის საფუძველი გახდება“, - აცხადებს ლევან ფიფია.

სტუ-ის რექტორის თქმით, სასწავლო პროცესის მიღმა ორგანიზებული სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის, დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. როგორ აკდემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და გააძლიერონ საკუთარი კავშირი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის, ახალი გამოცდილების შეძენისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის მნიშვნელოვანი ასპარეზია. ეს პროექტი აერთიანებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს და ქმნის სივრცეს, სადაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია საკუთარი მონაცემების წარმოჩენა. 

მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ფაკულტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენ ერთი დიდი საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობთ ან რომელ პროფესიულ მიმართულებას ვირჩევთ. საერთო მიზნები, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს და ქმნის იმ გარემოს, რომელშიც თითოეულ სტუდენტს საკუთარი თავის რეალიზების მეტი შესაძლებლობა ეძლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, ახალგაზრდული პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს განმტკიცებას.

დასასრულს, მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ სწავლაში, სპორტში, შემოქმედებით საქმიანობასა და ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ ორ თვეს გასტანს და მასში მონაწილეობას 2000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

17.11.2026.19:20

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუდენტებს ულოცავს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ცოდნისა და პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან მიღწევებს, წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას უსურვებს.

მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ძვირფასო სტუდენტებო!

გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!

17 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე თაობას აკისრია.

სტუდენტთა საერთაშორისო დღე თავისუფლების, ცოდნისკენ სწრაფვის, თანასწორობის, სოლიდარობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის სიმბოლოა. ეს დღე გვახსენებს, რომ განათლება საზოგადოების პროგრესის, დემოკრატიული განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და სახელმწიფოს მდგრადი მომავლის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

განსაკუთრებული სითბოთი მივმართავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს - მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ, ვინც უკვე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში, და მათაც, ვინც უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სივრცეში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას.

ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი ასწლოვანი ისტორიული ტრადიციებით, აკადემიური გამოცდილებითა და სამეცნიერო პოტენციალით, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტობას, როგორც უნივერსიტეტის უმთავრეს ღირებულებასა და მისიის განხორციელების მთავარ საფუძველს. ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია განუყოფელია იმ თაობების ისტორიისგან, რომლებმაც პროფესიონალიზმით, მეცნიერული მიღწევებითა და შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, საინჟინრო, სამრეწველო, კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებაში.

თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ახალი მიღწევები, ეკოლოგიური გამოწვევები და გლობალური ეკონომიკური პროცესები სრულიად ახალ მოთხოვნებს აყენებს განათლების სისტემისა და მომავალი პროფესიონალების წინაშე.

ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში, გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, მკვლევრები, ინჟინრები, ტექნოლოგები, მეწარმეები და ლიდერები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტური ჩართულობა უნივერსიტეტის მართვისა და განვითარების პროცესებში. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც წარმოუდგენელია სტუდენტთა მოსაზრებების, საჭიროებების, ინიციატივებისა და პასუხისმგებლიანი თანამონაწილეობის გარეშე. სტუდენტების ხმა, მათი კრიტიკული აზრი და კონსტრუქციული მონაწილეობა ქმნის იმ აკადემიურ გარემოს, რომელშიც ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, სამართლიანობა და თანამშრომლობა უმთავრეს ღირებულებებად გვევლინება.

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ თაობა, რომლის წინაშეც განსაკუთრებული შესაძლებლობები და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. საქართველოს განვითარება, მისი ეკონომიკური სიძლიერე, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, სამეცნიერო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანას სჭირდება განათლებული, კომპეტენტური, თავისუფალი და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ არა მხოლოდ საკუთარი წარმატების მიღწევის სურვილი, არამედ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებული განცდაც.

გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, ღირსეულ პროფესიულ მომავალსა და დიდ გამარჯვებებს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა