საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM პროექტების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და „STEM ინოვატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით STEM პროექტების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსმა, როგორც წინა წლებში, წელსაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლა ჩაერთო. მონაწილე გუნდებმა გამოფინეს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებული პროექტები, რომელთა შორის საუკეთესო 16 გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ნამუშევრები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, პროექტები მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა რობოტოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებზე დაფუძნებული სისტემები, ჭკვიანი ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, გარემოს დაცვის ინოვაციური მიდგომები და უსაფრთხოების თანამედროვე გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრისპირა სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების ტექნოლოგიური გზებით გადაჭრას ისახავს მიზნად.
„წარმოდგენილმა პროექტებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნება, ტექნიკური უნარები და ინოვაციური ხედვა. მონაწილე მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული მიდგომები და რეალური გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობებიც წარმოადგინეს. STEM პროექტების კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში კვლევითი და საინჟინრო უნარების განვითარებას, ასევე ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მომავალი მეცნიერების, ინჟინრებისა და ინოვატორების გამოვლენასა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. წარმოდგენილი პროექტების მრავალფეროვნება და ხარისხი ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება ახალი თაობა, რომელსაც აქვს ცოდნა, მოტივაცია და პოტენციალი, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური გამოწვევებისთვის“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.
STEM პროექტების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასულ 16 გუნდს შორის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსის მაღალი დონისა და წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ადგილი ორ გუნდს შორის განაწილდა. პირველი ადგილი დაიკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის და სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის გუნდების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა - „წყალმომარაგების სისტემის ავტომატიზაცია და კულტურული მემკვიდრეობის არქივი“ და „საზღვრისპირა სოფელში უსაფრთხოების მონიტორინგი“. გუნდებს წარმოადგენდნენ მოსწავლეები: ანა ბერიანიძე; მარიამ ბერიანიძე; გიორგი ზაუტაშვილი; ელენე გლურჯიძე; გიორგი ელიზაბარაშვილი; რუსუდან ტატულაშვილი; ბარბარე ნიკოლაშვილი და თამუნა არჩუაძე. მენტორი თეა ხუროშვილი. მეორე ადგილზე გავიდა თელავის N7 საჯარო სკოლის გუნდი - ნიკო ლომაშვილის, ლიკა კუპატაძის, ზურა ხავაზურაშვილისა და მარაიმ ლაგაზაურის შემადგენლობით, პროექტით - „მღვიმეების მკვლევარი რობოტი“, მენტორ ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით. მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის გუნდი ინდირა ნატრიაშვილის მენტორობით და ლევან თულაშვილის, ლუკა მელაძის, ზურა ბერიძის შემადგენლობით, პროექტით - „რობოტული ხელი“.
კონკურსის ფარგლებში დაწესებული იყო სპეციალური პრიზებიც. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის მიერ დაწესებული 500-დოლარიანი ფულადი ჯილდო ორ გამორჩეულ გუნდს გადაეცა. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, პროექტისთვის „მარკშეიდერი – ბზარების დეტექცია“, ხოლო მეორე – ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც პროექტი „ბენზინის ხარისხის დადგენა“ წარმოადგინა.
ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაცია-ის მიერ დაწესებული 500-ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გუნდს პროექტისთვის „ბიბლიოთეკის ციფრული მოწყობა“.
გამარჯვებული გუნდებისთვის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი წამახალისებელი პრიზებიც დააწესეს. პირველი ადგილის მფლობელ გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-მა პროექტების შემდგომი განვითარების მიზნით ტექნიკის მაღაზიათა ქსელში გამოსაყენებელი 2000-ლარიანი ვაუჩერები გადასცა, ხოლო STEM ინოვატორთა ასოციაციამ გუნდებს სამი 3D პრინტერი აჩუქა. მესამე ადგილზე გასულ გუნდს უნივერსიტეტმა 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და სამეცნიერო ინტერესების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
„დღევანდელმა კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალგაზრდობას. წარმოდგენილი პროექტები გამოირჩეოდა როგორც ინოვაციური იდეებით, ისე მათი პრაქტიკული დანიშნულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიებს რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ და ქმნიან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შეიძლება გახდეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, STEM განათლების პოპულარიზაციასა და იმ ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მონაწილეთა შორის არიან მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და გამომგონებლები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში. ყველა მონაწილეს ვულოცავ წარმატებას და ვუსურვებ ახალი იდეების განხორციელებასა და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვა გაიმართა
14.07.2026.15:08
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი თაობის პირველი წარმომადგენლები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული საავიაციო საინჟინრო სკოლის თანამედროვე განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. მათ მიერ სადიპლომო ნაშრომების წარმატებით დაცვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ერთგულად აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საინჟინრო მიმართულებების განვითარებას,“– ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვის შემდეგ განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პირველი კურსდამთავრებულების წარმატება ნათელი დასტურია იმისა, რომ აღდგენილმა პროგრამამ შეასრულა თავისი მთავარი დანიშნულება - დაიწყო ქვეყნისთვის საავიაციო ინჟინრების მომზადება. ასოცირებული პროფესორის, ბორის გითოლენდიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში საავიაციო საინჟინრო განათლების აღდგენისა და განვითარების პროცესში, რომლის მიზანია ქვეყნისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრების მომზადება.
„მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი ფაკულტეტისთვის, ისე ქართული საინჟინრო განათლებისთვის. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება სწორი და შედეგიანი იყო. ვულოცავ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით კი ხელს შეუწყობენ როგორც ქართული საავიაციო ინდუსტრიის, ისე ეროვნული საინჟინრო სკოლის შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სტუ-ის საპატიო დოქტორს და ქართული საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, პანტიკო თორდიას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროგრამას ხელმძღვანელობს ქართული საავიაციო სკოლის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი, პროფესორი რამინ ზუკაკიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში საავიაციო სპეციალისტების მომზადების განახლება განპირობებულია საავიაციო ინდუსტრიის განვითარებითა და კვალიფიციურ საინჟინრო კადრებზე მზარდი მოთხოვნით.
„ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, „საავიაციო ინჟინერიის“ პროგრამა, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გაიზარდა პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება, რაც დარგის განვითარებისა და ახალი თაობის საინჟინრო კადრების მომზადებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია.
ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ფასდაუდებელია მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანმიმართული მხარდაჭერა. საავიაციო ინჟინერიის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება, მისაღები კონტინგენტის გაზრდა და, რაც მთავარია, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის სრული სახელმწიფო დაფინანსება ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი აკადემიური ხედვა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები სრულ თანხვედრაშია. წარმატებებს ვუსურვებ კურსდამთავრებულებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, 1968 წელს, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოამზადა მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრები ქართული საავიაციო ინდუსტრიისათვის. მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდნენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან საავიაციო კომპანიებში. სამწუხაროდ, რიგი მოვლენებიდან გამომდინარე სტუ-ში 2005 წელს საავიაციო ინჟინრების მომზადება შეწყდა.