საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენცია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა, მიზნად ისახავდა წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროებში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერები, ექსპერტები, მათ შორის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები; საქართველოს, იტალიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის, ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო დელეგაციები და მიწვეული პირები.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი - პროფესორი რაშეკ კუმარი, აღმოსავლეთ ევროპის ირიგაციისა და დრენაჟის ორგანიზაციის პრეზიდენტი - პროფესორი ირინა ბონდარაკი, ბაქოს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი - პროფესორი ფარდა იმანოვი, ასევე სომხეთის აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - პროფესორი ჰოვანეს ტოკმაჯიანი.
სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროები დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისა და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებების დანერგვის თვალსაზრისით, რის გამოც მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელებას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პერმანენტულად აფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ქმნის ახალი პარტნიორული ურთიერთობების, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და ინოვაციური იდეების განვითარების მყარ საფუძველს. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიებითა და წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ერთი მხრივ დარგის განვითარებაში, მეორე მხრივ - მეცნიერებისა და პრაქტიკის მეტად დაახლოებაში“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვანი აკადემიური პლატფორმაა, რომელიც მეცნიერებს, მკვლევრებსა და დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს თანამედროვე გამოწვევებისა და ინოვაციური მიდგომების განხილვის მიზნით აერთიანებს.
„წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან იგი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის, წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებენ.
დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს დაცვა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება გლობალური მნიშვნელობის საკითხებია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მეცნიერებს შორის გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი კვლევების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და გამართული დისკუსიები ხელს შეუწყობს ახალი იდეების, საერთაშორისო პარტნიორობისა და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: წყლის რესურსების მდგრადი მართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების, ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებების და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის შესაძლებლობები.
სხვა სიახლეები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
11.09.2026.11:54
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.
მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.