საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს აქტუალური საკითხები განიხილეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენციამ იმსჯელა ბიზნესის საერთაშორისო განვითარების ტენდენციებზე, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე, ინოვაციებისა და განათლების როლზე თანამედროვე ბიზნესსივრცეში, ასევე განიხილა ეკონომიკაზე გლობალიზაციის პროცესების გავლენები; გარდა ამისა, დისკუსიები შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მექანიზმებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს.
სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კონფერენციის მიზანი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაფართოებაა. მისივე თქმით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარებას 2016 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.
„კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მკვლევრებს, პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს, რომელთაც საერთო მიზანი ამოძრავებთ - თანამედროვე გლობალური გარემოს წინაშე მდგარი ეკონომიკური და ბიზნესგამოწვევების სიღრმისეული გააზრება, მათი მეცნიერული ანალიზი და დაძლევის გზების ძიება. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები პასუხობს ყველაზე აქტუალურ საკითხებს - ციფრულ ტრანსფორმაციას, საერთაშორისო ბაზრების დინამიკას, ინოვაციური ტექნოლოგიების გავლენას ბიზნესზე, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და გლობალური კონკურენციის პირობებში ორგანიზაციების ადაპტაციის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი არა მხოლოდ აკადემიური დისკურსის სივრცეა, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი იდეების ურთიერთგაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის - პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბი და უცხოელი კოლეგების აქტიური ჩართულობა ღონისძიებას განსაკუთრებულ აკადემიურ და სამეცნიერო მნიშვნელობას სძენს, რადგან მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმები ქმნის სივრცეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მკვლევრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, თანამედროვე კვლევით გამოცდილებასა და პროფესიულ ხედვებს.
დეკანის განცხადებით, გლობალიზაციის პირობებში მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე გამოწვევები უკვე სცდება ერთი ქვეყნისა თუ რეგიონის ფარგლებს და საჭიროებს ერთობლივ, მრავალმხრივ აკადემიურ მიდგომებს. უცხოელი პარტნიორების კონფერენციაში მონაწილეობა ღონისძიების საერთაშორისო სტატუსს უსვამს ხაზს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას, ახალი იდეების ფორმირებასა და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობების განვითარებას.
„მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები. თანამედროვე აკადემიურ სივრცეში საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც მეცნიერების განვითარების, ისე განათლების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ და პრაქტიკულ გამოცდილებას, თანამედროვე კვლევით მიდგომებსა და იმ გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებს, რომლებიც დღეს გლობალურ ეკონომიკასა და ბიზნესგარემოს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი სტუდენტებიც და მათ აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ მოისმინონ საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და მონაწილეობა მიიღონ პროფესიულ დისკუსიებში. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს და ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. მადლობას ვუხდი იტალიის ფოჯას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს მეცნიერების დარგში - პროფესორ მარიანტონიეტა ფიორეს, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს ემილიო კასიელოს და გერმანიის ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვილი ჰოიზერს კონფერენციაში მონაწილეობისთვის“, - ამბობს რუსუდან ქუთათელაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პლენარულ და თემატურ სესიებზე მონაწილეებმა სამეცნიერო ნაშრომები და კვლევის შედეგები წარადგინეს. ღონისძიების დასასრულს კონფერენციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას უკავშირდება.
სხვა სიახლეები
თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს
08.06.2026.13:16
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.
ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო
ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.
მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:
ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა
სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი. შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.
შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.
თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.