საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების დელეგაციას მასპინძლობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები: პროექტის კოორდინატორი სიბილა ბოროიევიჩ შოშტარიჩი (Prof. Sibila Borojević Šoštarić) და სტანკო რუჟიჩიჩი (Prof. Stanko Ružičić) ზაგრების უნივერსიტეტიდან (ხორვატია) და პაველ დანიჰელკა (Prof. Pavel Danihelka) ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუმრები სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ასევე პრეზენტაციების სახით თავიანთ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის პროექტში მონაწილეობს. თეა მურვანიძის განცხადებით, პროექტს, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება, კოორდინაციას ევროპული უნივერსიტეტები უწევენ.
„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო ტრენინგებში, კვლევით აქტივობებსა და ერთობლივ აკადემიურ ინიციატივებში. ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში განათლების ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისა და ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ახალი აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებს თეა მურვანიძე.
სტუ-ის ინფორმაცით, მობილობის პროგრამის ფარგლებში კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გეოლოგიისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჯარო ლექციებს გამართავენ, ხოლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცეში სტუმრებს აკადემიურ, კვლევით და სოციალურ-კულტურულ აქტივობებს შესთავაზებენ.
სხვა სიახლეები
სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა
08.07.2026.13:25
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (NPUA) გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ერევანში, კონკურსის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ რუხაძე და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ნიკა გოგლიძე, ზურა ვატიტაძე და დავით ჯალაღონია.
სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში საქართველოდან და სომხეთიდან 6 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო სამი სტუდენტისა და ერთი მწვრთნელისგან შემდგარი გუნდით. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს მოეწყო სამი პარალელური ე.წ. „ოთახის ქვეკონკურსი“, სადაც 18 სტუდენტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. თითოეული ექვსკაციანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი გადავიდა ფინალურ ტურში, სადაც გამოვლინდნენ საერთო გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელები.
„საერთაშორისო პროექტის - „Learn-Innovate-Sell-Succeed“ (LISS24) მთავარ მიზანს წარმოადგენს B2B (Business-to-Business) გაყიდვების და ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ინჟინერიის სფეროში, ახალ ციფრულ ეპოქაში. ასეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის - ეს არის მძლავრი პლატფორმა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ის სტუდენტებს უხსნის გზას ადგილობრივი აუდიტორიებიდან საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი უნივერსიტეტში ბრუნდებიან გაზრდილი თვითშეფასებით, ახალი იდეებით, მოტივაციითა და იმ ცოდნით, რომელიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად აქცევს. ყოველი ასეთი ვიზიტი არის ინვესტიცია მათ მომავალში“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში დაფუძნდა „გაყიდვების ლაბორატორია“. ლაბორატორიისთვის შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის ფიზიკური სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევა მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.