საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი IAEA-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლებს შეისწავლის
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინირებულ კვლევით პროექტში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე კვლევითი მიდგომების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი შედეგი ალაზნის აუზის „ციფრული ტყუპის“ პროტოტიპის შექმნა იქნება. ციფრული ტყუპი არ წარმოადგენს მხოლოდ ტერიტორიის რუკას ან მის სამგანზომილებიან გამოსახულებას. იგი მონაცემების, ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელებისა და ხელოვნური ინტელექტის მეთოდების ინტეგრირებულ ციფრულ გარემოს გულისხმობს, რომელიც მკვლევრებს მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებული პროცესების კომპლექსური ანალიზისა და სხვადასხვა სცენარის მოდელირების შესაძლებლობას მისცემს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება ნალექების რეჟიმის, ტემპერატურისა და მიწათსარგებლობის ცვლილებების პირობებში მიწისქვეშა წყლების შევსების პროცესზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლა. პროექტი აერთიანებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროლოგიურ, საინჟინრო, გეოინფორმაციული სისტემებისა და კომპიუტერული მოდელირების მიმართულებებით დაგროვილ გამოცდილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის იზოტოპური ჰიდროლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის მიმართულებებით დაგროვილ ცოდნასა და ხანგრძლივი დაკვირვებების მონაცემებთან. ასეთი ინტერდისციპლინური თანამშრომლობა ქმნის საფუძველს განსხვავებული სამეცნიერო მეთოდების ინტეგრირებული გამოყენებისა და მიწისქვეშა წყლების დინამიკის უფრო სრულყოფილი შესწავლისთვის. პროექტის მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ცოდნისა და მეთოდების ერთიან კვლევით სისტემაში გაერთიანებით. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ბუნებრივი პროცესების კომპლექსურ გააზრებას და ქმნის მეცნიერულ საფუძველს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემდგომი სრულყოფისთვის“, - ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე IAEA -ის პროექტში მკვლევართა წარმატებას.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კოორდინირებულ კვლევით პროექტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლების შესწავლა იგეგმება. კვლევა რამდენიმე თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებას გააერთიანებს, მათ შორის, იზოტოპურ ჰიდროლოგიას, გეოინფორმაციულ ანალიზს, ფიზიკურ მოდელირებასა და პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტს. აღნიშნული მიდგომების გამოყენება ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლების შესწავლისა და შესაბამისი მონაცემების კომპლექსური ანალიზის შესაძლებლობას შექმნის.
კვლევას ხელმძღვანელობს სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი და პროექტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი (Chief Scientific Investigator, CSI) ირმა ინაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი და პროექტის მეორე მთავარი მეცნიერ-მკვლევარი (Secondary CSI) ნინო კაპანაძე, სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა, პროფესორი ზაალ ცინაძე, თსუ-ის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უმცროსი სპეციალისტი ელენე ჩიკვილაძე.
სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის თქმით, ალაზნის აუზი საქართველოს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, სადაც წყლის რესურსების მდგომარეობა გარემოსა და ეკონომიკური საქმიანობისთვის არსებითია. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, რთული რელიეფის, გეოლოგიური აგებულებისა და ნალექების სეზონური განაწილების პირობებში ყოველთვის მარტივი არ არის იმის დადგენა, სად და როდის ივსება წყალშემცველი ჰორიზონტები, როგორ უკავშირდება მდინარის წყლები მიწისქვეშა სისტემას და რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვალებადობა მიწისქვეშა წყლების მარაგზე.
„ტრადიციული ჰიდროლოგიური დაკვირვებები მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენებს, საიდან მოდის წყალი და რა გზით გადაადგილდება იგი. იზოტოპური მეთოდები კი დამოუკიდებელ მტკიცებულებებს იძლევა წყლის წარმოშობის, შევსების სიმაღლითი ზონის, სეზონურობისა და ცირკულაციის შესახებ. კვლევის მიზანია ამ მონაცემების სივრცით ანალიზთან და ჰიდროლოგიურ მოდელებთან დაკავშირება, რათა შეფასდეს ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლების შევსება და ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ მათი მოწყვლადობა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.
პროექტში მიწისქვეშა წყლების მოწყვლადობის საინჟინრო შეფასებაზე, შევსების პროცესების ანალიზსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებულ ჰიდროლოგიურ სცენარებზე მომუშავე პროფესორ კონსტანტინე ბზიავას თქმით, სამუშაოების პირველ ეტაპზე მკვლევრები წლების განმავლობაში დაგროვებულ იზოტოპურ, ჰიდროქიმიურ და ჰიდროგეოლოგიურ დაკვირვებებს ერთიან სივრცით-დროით მონაცემთა ბაზაში გააერთიანებენ: „დასამუშავებელია როგორც თანამედროვე ციფრული ინფორმაცია, ისე ისტორიული საარქივო მასალები. გეოინფორმაციული სისტემების (GIS) მეშვეობით მათ დაემატება რელიეფის ციფრული მოდელები, გეოლოგიური და ნიადაგური მონაცემები, მიწათსარგებლობის რუკები, კლიმატური მაჩვენებლები და თანამგზავრული დაკვირვებები. ყველა მონაცემი გაივლის ხარისხის, სიზუსტისა და თავსებადობის შემოწმებას“, - აცხადებს პროფესორი.
ციფრული ტყუპის არქიტექტურისა და პროტოტიპის განვითარების, GIS-ისა და გამოთვლითი მოდელების შედეგების ინტეგრაციასა და ვიზუალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესორის ზაალ ცინაძის თქმით, კვლევის მეორე მიმართულებაა იზოტოპებზე დაფუძნებული ჰიდროლოგიური კონცეპტუალური მოდელის დაზუსტება. როგორც ცინაძე აცხადებს: „მეცნიერები ერთობლივად გააანალიზებენ სტაბილურ იზოტოპებს, ტრიტიუმს, რადონს და ჰიდროქიმიურ მაჩვენებლებს. სამუშაოები დაეყრდნობა ალაზნის აუზში უკვე დაგროვილ კვლევით გამოცდილებას, მათ შორის იზოტოპური მონაცემებით გამდიდრებულ JAMS/J2000 ჰიდროლოგიურ მოდელს. ეს ხელს შეუწყობს მთიანი ზონებიდან მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტებამდე წყლის გადაადგილების, შევსების სეზონურობისა და მდინარესთან კავშირის უკეთ გააზრებას“.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევა - „იზოტოპური ჰიდროლოგიიდან ციფრულ ტყუპამდე: ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება ალაზნის აუზში მიწისქვეშა წყლების შევსებისა და მოწყვლადობის შეფასებისთვის“ (From Isotope Hydrology to a Digital Twin: Responsible Artificial Intelligence for Groundwater Recharge and Vulnerability Assessment in the Alazani Basin) - ხორციელდება IAEA-ის კოორდინირებული კვლევითი პროექტის ფარგლებში, ოთხწლიანია და 2030 წელს დასრულდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა
27.10.2026.13:39
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე სამდღიანი სალექციო კურსი ჩაატარა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სალექციო კურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა. სალექციო სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი დავით ბარათაშვილი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განყოფილების უფროსი არჩილ ოდიშელიძე; ფინანსების სფეროს სპეციალისტი თორნიკე სალდაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან IT ორგანიზაციებში პროფესიული საქმიანობის გამოცდილებით გოჩა წიქარიშვილი.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა მიმართა.
„ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ის კომპეტენციები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაცია „ხელოვნური ინტელექტის თაობასთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა.
სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, სამდღიანი სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო ოთხი ძირითადი თემატური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში - AI ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ პროცესებსა და ანალიტიკაში; პრომპტინგი და AI არქიტექტურა - ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები; კოდირების ტრანსფორმაცია - ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და პროგრამირების თანამედროვე მიდგომებზე და ციფრული ფრონტი და უსაფრთხოება - ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევები, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიური რისკები.
„სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის სწავლის, მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების პრინციპების გააზრება. სტუდენტური თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი ინტერესების მხარდაჭერა და ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაში დაეხმარება“, - აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.

სტუ-ის ინფორმაციით, მოწვეულმა სპიკერებმა სალექციო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. სალექციო კურსი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ თემატურ განხილვებში, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა.
სამდღიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი და ვაუჩერი, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ და დეკანის მოადგილე გოგი აბრამიშვილმა გადასცეს.
