საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ აშშ-ში საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ფორუმში - ABET Symposium 2026 მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ რალში იმყოფებოდა, სადაც საინჟინრო და კომპიუტერული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციისა და უწყვეტი გაუმჯობესების თანამედროვე სტანდარტებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ფორუმში - ABET Symposium 2026 - მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სიმპოზიუმი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) ორგანიზებით ჩატარდა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ შედეგებზე დაფუძნებული განათლების (Outcome-Based Education) დანერგვის, პროგრამების შეფასებისა და ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების ინოვაციური მიდგომები STEM მიმართულებებში.
სტუ-ის დელეგაციის წევრები იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული ლიდერები - საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ვიცე-რექტორი, კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, A კლასის ასოცირებული პროფესორი მანუჩარ შიშინაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ჩუბინიძე.
სტუ-ის ვიცე-რექტორის შეფასებით, ABET Symposium 2026-ში უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობა ორიენტირებულია გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავებაზე, ხარისხის მართვის სისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის პრაქტიკებთან ჰარმონიზაციაზე.
როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, სიმპოზიუმში ჩართულობა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გაეცნოს ABET-ის უახლეს მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს, არამედ აქტიურად ჩაერთოს პროფესიულ დიალოგში, რომელიც განსაზღვრავს საინჟინრო და კომპიუტერული განათლების განვითარების თანამედროვე ტრენდებს. მისივე თქმით, აღნიშნული გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი ემზადება ABET-ის ექსპერტთა ვიზიტისთვის კომპიუტერული აკრედიტაციის (Computing Accreditation Commission) და საინჟინრო აკრედიტაციის (Engineering Accreditation Commission) კომისიებიდან, რაც საჭიროებს როგორც აკადემიური პროგრამების შინაარსობრივ დახვეწას, ისე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ გაძლიერებას.
პროფესორი თამარ ლომინაძე ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ქმნის საფუძველს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის პროფესიული კაპიტალის ზრდისთვის, რაც პირდაპირ აისახება სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ფორმირებასა და უნივერსიტეტის გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.
„ABET-ის საერთაშორისო სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა გამოცდილების გაზიარებისა და იმ საუკეთესო პრაქტიკების გაცნობისთვის, რომლებიც განსაზღვრავს თანამედროვე საინჟინრო და კომპიუტერული განათლების ხარისხის სტანდარტებს. ABET-ის ექსპერტებთან და კოლეგა უნივერსიტეტებთან უშუალო კომუნიკაციის პროცესი გვაძლევს საშუალებას მეტად დავხვეწოთ საგანმანათლებლო პროგრამები და დავნერგოთ შედეგებზე გათვლილი სწავლების მოდელები.
დღეს, როდესაც უნივერსიტეტი ემზადება ABET-ის კომპიუტერული და საინჟინრო აკრედიტაციის კომისიების ექსპერტთა ვიზიტისთვის, მსგავსი საერთაშორისო ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვანი ნაწილი, სადაც სტუდენტებს ექნებათ წვდომა გლობალურად აღიარებულ საინჟინრო განათლებაზე“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას აცხადებს, რომ ABET Symposium 2026-ში მონაწილეობა მიზანმიმართულად იყო ორიენტირებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ექსპერტული გამოცდილების გაზიარებაზე, განსაკუთრებით მულტიპროგრამული აკრედიტაციის ვიზიტების ეფექტიანი დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც უნივერსიტეტი ABET-ის ექსპერტთა ჯგუფის მისაღებად ემზადება, რაც მოითხოვს ადმინისტრაციული და აკადემიური პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზებას, შიდა მექანიზმების ოპტიმიზაციას და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ეფექტიან სინქრონიზაციას.
„უნივერსიტეტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მულტიპროგრამული აკრედიტაციის პროცესს შევხვდეთ მაქსიმალურად ორგანიზებულად და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ABET Symposium 2026-ში მიღებული გამოცდილება გვეხმარება დავხვეწოთ აკადემიური პროგრამების შინაარსობრივი მხარე და ადმინისტრაციული მართვის პროცესები, რაც აკრედიტაციის წარმატებით გავლას განაპირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკული მიდგომების გაზიარება, რომლებიც უკავშირდება ერთდროულად რამდენიმე პროგრამის შეფასების პროცესის მართვას, უნივერსიტეტის შიდა რესურსების სათანადო მობილიზებას და ექსპერტთა ჯგუფთან ეფექტიან კომუნიკაციას. შეძენილი გამოცდილება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, სისტემურად გავაძლიეროთ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებდეს ABET-ის თანამედროვე მოთხოვნებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორისა და სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET სიმპოზიუმში მონაწილეობით უნივერსიტეტი აღრმავებს შესაბამისობას ABET-ის თანამედროვე სტანდარტებთან და აძლიერებს ხარისხის უზრუნველყოფის კულტურას. მისივე თქმით, სიმპოზიუმის თემატიკა - მათ შორის შედეგებზე დაფუძნებული განათლების მოდელები, სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები და უწყვეტი გაუმჯობესების ინსტრუმენტები - უკავშირდება სწორედ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აკრედიტაციის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ABET სიმპოზიუმი ეს არის შესაძლებლობა დავაზუსტოთ შეფასების მეთოდოლოგიები, გავაუმჯობესოთ სწავლის შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და უზრუნველვყოთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამები სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას უკვე აქვს ABET აკრედიტაცია, რაც ერთგვარი ხარისხის ნიშნულია და ამავე დროს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მიღწეული შედეგები. რეაკრედიტაციის პროცესი არ არის მხოლოდ ფორმალური შეფასება, ის გულისხმობს პროგრამის სისტემურ ანალიზს, შიდა მექანიზმების დახვეწას და მუდმივ პროგრესს. ამასთანავე, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სხვა საინჟინრო და კომპიუტერული პროგრამების წარმატებული ჩართვა აკრედიტაციის პროცესში, რაც საბოლოოდ განაპირობებს ინსტიტუციური ხარისხის ერთიანი სტანდარტის ფორმირებას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აცხადებს ირინე გოცირიძე.
სხვა სიახლეები
სტუ-ის კურსდამთავრებული მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანია PwC - ის უფროსი მენეჯერია
10.06.2026.17:46
„დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობისა და საგადასახადო კონსულტაციების სფეროში, საკმაოდ გავლენიან საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიაში ვმუშაობ და ყოველდღიურად მიწევს მრავალფეროვანი და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტა, კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდებს ვურჩევ, სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მისაღებად და პროფესიული უნარების განსავითარებლად. წარმატებული კარიერა ერთ დღეში არ იქმნება, რისთვისაც აუცილებელია შრომა, მიზანდასახულობა, სწავლა, რომელსაც ხარისხიანი განათლება გვაძლევს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია PwC (Pricewaterhousecoopers) უფროსი მენეჯერი ნინო ქვარაია აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს.
უნივერსიტეტის ცნობით, გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვების მართვა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, ქართველი პროფესიონალები სულ უფრო ხშირად იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში. მათ შორისაა ნინო ქვარაია, რომელმაც პროფესიული წარმატების მიღწევა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში - PwC (Pricewaterhousecoopers) შეძლო.
ნინო ქვარაიამ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის „საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის“ სადოქტორო პროგრამა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, იგი აქტიურადაა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში ლოგისტიკის, ოპერაციების მენეჯმენტისა და მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით. ნინოს სამეცნიერო ნაშრომები ეხება თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - ინდუსტრია 4.0-ის გავლენას ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვების ორგანიზებაზე და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის ზრდას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის იყო დრო, როდესაც ჩამომიყალიბდა პროფესიული ხედვა და გავიაზრე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას. სასწავლო პროცესმა მომცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად მესწავლა როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სწორედ ეს კომპეტენციები დამეხმარა შემდგომში საერთაშორისო ბიზნესისა და საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში წარმატებით დამემკვიდრებინა თავი.
განსაკუთრებით ვაფასებ იმ გარემოს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამხვდა - პროფესიონალი ლექტორები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული სივრცეები, რაც ქმნის მოტივაციას, რომ არ დაკმაყოფილდე უკვე მიღწეულით და ყოველთვის ისწრაფვოდე მეტი ცოდნისა და პროფესიული სრულყოფისკენ. უნივერსიტეტმა მასწავლა, რომ წარმატება არ არის მხოლოდ მიღებული დიპლომი. წარმატება არის უწყვეტი სწავლა, შრომა, დისციპლინა და მზადყოფნა ახალი გამოწვევების მისაღებად. მადლობა უნივერსიტეტს“, - აცხადებს ნინო ქვარაია.
სტუ-ის ინფორმაციით, ნინო ქვარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კერძოდ, ფორტ ლუისის კოლეჯში (კოლორადო, აშშ), კვალიფიკაციით, ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კონცენტრაცია საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საშტატო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა. მინიჭებული კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კონცენტრაციით მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი. 2018 წლიდან მუშაობს ფირმების პროფესიონალური სერვისების მრავალეროვნულ ბრენდში, PwC (PricewaterhouseCoopers International Limited), რომელიც არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროფესიული სერვისების ქსელი და ითვლება დიდ ოთხეულში, Deloitte, EY და KPMG-თან ერთად და 2022 წლიდან ნიუ-იორკის ოფისში საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე.
ნინო ქვარაიას კარიერული გზა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო განათლების, პროფესიული განვითარების და უწყვეტი სწავლების მეშვეობით მსოფლიო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბება.
მისი საქმიანობა წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს ახალგაზრდა ქართველებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის, ფინანსების, ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში კარიერის შექმნას გეგმავენ.