საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ KATAMARAN - MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech Bridge - ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ ჩენსტოხოვაში, იან დლუგოშის უნივერსიტეტში (Jan Długosz University) სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუ-ის დელეგაციას - ვიცე-რექტორის პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით და პროფესორების: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თალიკო ჟვანიას, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ ირინე გოცირიძისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ღურწკაიას შემადგენლობით - მასპინძლობდნენ იან დლუგოშის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, პროფესორი მარჩინ სოსნოვსკი, დოქტორი კაროლინა გრაბოვსკა, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წარმომადგენლები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, NAWA-ს მიერ დაფინანსებული KATAMARAN - MedTech Bridge პროექტი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს ქმნის.
ვიცე-რექტორის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორებთან და მკვლევრებთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და Welcome Centre-ის თანამშრომლებთან, ასევე COLOURS European Universities Alliance-ის გუნდის წევრებთან. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, შეხვედრების მთავარი თემა იყო KATAMARAN - MedTech Bridge პროექტის განხორციელების ეტაპები, მისი ძირითადი მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, პარტნიორი უნივერსიტეტების როლი და სამომავლო საქმიანობის მიმართულებები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, KATAMARAN - MedTech Bridge პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის აერთიანებს განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების იმ მიმართულებებს, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლებისა და კვლევების განვითარების სტრატეგიულ საფუძველს წარმოადგენს.
იან დლუგოშის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრები იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა პროექტის განხორციელების ეტაპები, პარტნიორი უნივერსიტეტების ფუნქციები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიოსამედიცინო და სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის განვითარების პერსპექტივებს, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და ჩაერთონ მულტიკულტურულ აკადემიურ გარემოში.
ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის გაფართოება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებისა და კვლევითი პრაქტიკის გაზიარება. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის საფუძველს უნივერსიტეტებში ცოდნის ტრანსფერის, ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებისა და ევროპულ კვლევით ქსელებში აქტიური ინტეგრაციისთვის.
დარწმუნებული ვარ, MedTech Bridge არა მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ პოზიციებს, არამედ ხელს შეუწყობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ახალი თაობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების, ისე ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროგრესისთვის“, - აღნიშნავს თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია დეტალურად გაეცნო იან დლუგოშის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის პრაქტიკას, უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმებსა და Welcome Centre-ის საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა ადაპტაციის, აკადემიური ინტეგრაციისა და საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის ეფექტიანი მოდელების განხილვას. ამასთან, ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის - COLOURS წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალმხრივ გაფართოების, ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებში ჩართვის, ასევე ევროპული საუნივერსიტეტო ქსელების ფარგლებში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ფაკულტეტი, Collegium Medicum, თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ასევე სტუდენტური საცხოვრებელი კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევით და სტუდენტურ ინფრასტრუქტურას, რიტაც უზრუნველყოფილია სწავლებისა და კვლევის თანამედროვე სტანდარტები.
შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეებმა ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, KATAMARAN - MedTech Bridge პროექტის ფარგლებში განავითარონ გრძელვადიანი ინსტიტუციური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ პარტნიორობა მოიცავს ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტენსიფიკაციას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას, ასევე საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას. ამას გარდა, მხარეთა შეთანხმებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს იან დლუგოშის უნივერსიტეტის დელეგაციას, რაც KATAMARAN - MedTech Bridge პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის გაგრძელებასა და თანამშრომლობის პრაქტიკული ეტაპების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
11.09.2026.11:54
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.
მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.