საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული სტუდენტები კლაუს ჰიპმა დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი სახელგანთქმულმა გერმანელმა მეწარმემ, ხელოვანმა და ქველმოქმედმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელმა - დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებად დაასახელა და ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის პირადად დააჯილდოვა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა. ცნობილმა მეცენატმა დაანონსა მორიგი თემატური კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ინოვაციური იდეები პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნან და რეალურ გარემოში გამოსცადონ.
როგორც კლაუს ჰიპმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას აღნიშნა, ტრადიციად ქცეული სტუდენტური კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას და ინოვაციური იდეების გენერირების ხელშეწყობას, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ გამოწვევებს არასტანდარტულად მიუდგნენ, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და პროფესიულ სფეროში წარმატებით ინტეგრირდნენ.
სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და ამასთან ერთად, მათ საშუალებას აძლევს პროფესიული პრაქტიკა გერმანიაში გაიარონ.
გიორგი მიქიაშვილის თქმით, მსგავსი ინიციატივები, რომლებიც სტუდენტებს იდეების რეალიზაციისა და პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას უქმნის, მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას, თავდაჯერებასა და პასუხისმგებლობას, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.
„კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტებს უბიძგებს, გასცდნენ თეორიული სწავლების ჩარჩოებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით განივითარონ როგორც კრეატიული, ისე ანალიტიკური აზროვნება. ამასთან, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე შრომით ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნად უნარებად მიიჩნევა. დოქტორი კლაუს ჰიპის ჩართულობა არა მხოლოდ ზრდის პროექტების ხარისხსა და მასშტაბებს, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას და უკეთ მოემზადონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ინტეგრაციისთვის. მსგავსი კონკურსები ქმნის ძლიერ სტიმულს ახალგაზრდებისთვის, რომ გააქტიურდნენ, აიღონ ინიციატივა და თავიანთი იდეები რეალურად განახორციელონ. ეს ხელს უწყობს, ერთი მხრივ - ინდივიდუალური პოტენციალის და მეორე მხრივ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს გაძლიერებას. კლაუს ჰიპის პატრონაჟით კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. შედეგად, საერთო ჯამში, 40-ზე მეტმა გამარჯვებულმა სტუდენტმა გაიარა გერმანიაში 2-თვიანი პრაქტიკა. წლევანდელ კონკურსში ჩვენმა ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა - ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ოთინაშვილმა ჯერ არ იცის კონკურსში გამარჯვების შესახებ. ის საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსულს დიდი სიურპრიზი ელოდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს გამარჯვებას “, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებლის, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით დაანონსებული ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრანსპორტის დარგის საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - TBEA26 - გაიხსნა
24.11.2026.17:54
„საიუბილეო, მე-10 ქართულ-პოლონური საერთაშორისო კონფერენცია ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონის წამყვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჰაბია, რომელიც წარმატებით აკავშირებს ევროპულ და აზიურ საინჟინრო-აკადემიურ სივრცეებს. მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმი ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობრის, გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, ამ სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევები და დისკუსიები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სატრანსპორტო დარგის მოდერნიზაციასა და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიულ ზრდაში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ტრანსპორტის დარგის საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციის - TBEA26 - გახსნაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუ-ში, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, ტრანსპორტის დარგის ტრადიციული, რიგით მე-10 საიუბილეო ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია - TBEA26“ გაიხსნა.
სტუ-ის ცნობით, აღნიშნული სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი უწევს ორგანიზებას, ტრანსპორტის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მაღალრეიტინგული საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმაა. წლევანდელი საიუბილეო კონფერენცია ცნობილი მეცნიერის, არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სამეცნიერო ფორუმის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის ფონზე, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მასპინძლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„დღეს საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო რგოლია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. ამ პროცესში მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შეუცვლელია. საგულისხმოა, რომ TBEA26-ი, თავისი მრავალფეროვანი სამეცნიერო კონტენტით, მიზნად ისახავს განათლების, ინჟინერიაში დაგროვილი ახალი ცოდნისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების ინიცირებასა და მათში სტუდენტების აქტიურ ჩართვას. საგულისხმოა, რომ ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, გაიზიარონ ევროპელი და აზიელი კოლეგების გამოცდილება და თავიანთი ინოვაციური იდეებით უპასუხონ სატრანსპორტო ინდუსტრიისა და ლოგისტიკის თანამედროვე გამოწვევებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
გახსნის ცერემონიაზე რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეკრებილ საზოგადოებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი, ნაყოფიერი კვლევითი პარტნიორობისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი მიენიჭა. საპატიო ჯილდო მეცნიერს რექტორმა პირადად გადასცა.

კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, სტუ-ის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის ხსოვნას.
ფორუმის მონაწილეებს - სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და უცხოელ მკვლევართა დელეგაციებს - მიესალმნენ და TBEA26-ის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს ღონისძიების თანაორგანიზატორებმა, წამყვანი ქართული და უცხოური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციების წარმომადგენლებმა: სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ალექსანდრე სლადკოვსკიმ; ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორმა ანდრე ბატაკომ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, დოქტორმა დავით ტეფნაძემ; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუ-ის პროფესორმა რევაზ ქავთარაძემ, სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მარიამ რაზმაძემ და სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ.
როგორც TBEA26-ის გახსნაზე აღინიშნა, კონფერენციაში 11 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, პორტუგალია, ბულგარეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და საქართველო) 30-ზე მეტი უნივერსიტეტის, სამეცნიერო ცენტრისა და ბიზნესორგანიზაციის 20-მდე დელეგაციაში გაერთიანებული 200-ზე მეტი მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობს.
სასესიო მუშაობა 25 ნოემბერს პანელურ ფორმატში დაიწყება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უხელმძღვანელებს. საკონფერენციო სესიებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრები წარმოადგენენ 70-მდე სამეცნიერო მოხსენებასა და კვლევის შედეგებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები; ურბანული ტრანსპორტი და ლოგისტიკა; ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები (ITS) და ინდუსტრია 4.0; მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა, დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება; ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხები და სხვა.
გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს თემებზე: „ხელოვნური ინტელექტი (AI) კვლევებში და სამეცნიერო მენეჯმენტი“, „დარგობრივი მეწარმეობა“ და ტრანსპორტის სხვა აქტუალური საკითხები. ამასთან, ქართველი და უცხოელი დელეგაციის წევრთა მონაწილეობით გაიმართება „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების“ ფორუმი.
კონფერენციის მონაწილეთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - „TRANSPORT PROBLEMS“, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ისა და Web of Science (WoS) საერთაშორისო ბაზებში.
TBEA26-ის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესორგანიზაციები და ინსტიტუტები. სამეცნიერო ღონისძიებას სპონსორობას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესპარტნიორები: „ავტობანი“ (Autobani), „ჰანიველ ცემენტი“ (Hunnewell Cement), „ავტოტექნო“ (AUTOTECHNO), „ლაიონ ტრანსი“ (Lion Trans), „ე-ბილდვეი“ (E-Buildway), „იასა ჯორჯია“ (IASA Georgia LLC), „პოტაინი“ (Potain), „ინოვაციებისა და კვლევების ინსტიტუტი“ (Georgian Institute for R&I – GIRI) და „IterX“.
სტუ-ის ინფორმაციით, ტრანსპორტის დარგის რიგით მე-10 საიუბილეო ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია - TBEA26“ მუშაობას მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაასრულებს. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული აქტივობები ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების მონაწილეობით.