საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი - პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით - Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში, ტვენტეს უნივერსიტეტში (University of Twente) იმყოფებოდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა მეცნიერმა და ინოვატორმა ჰანს ჰილგენკამპმა (Hans Hilgenkamp) უმასპინძლა.
ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევითი პროექტების გაცნობა და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა იყო.
როგორც პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კვლევების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა ინტენსიურად ეთანამშრომლა ტვენტეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან, მათ შორის პროფესორ ჰანს ჰილგენკამპთან დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და არაერთი შეხვედრა ჩაატარეს კვლევით ლაბორატორიებში, რომლებსაც პროფესორი ჰილგენკამპი ხელმძღვანელობს.
„პროფესორ ჰილგენკამპის ლაბორატორიები საერთაშორისო კვლევითი ცენტრებია, რომლებიც აერთიანებს მყარი სხეულის ფიზიკას, ნანოტექნოლოგიებსა და მოწინავე საინჟინრო მეცნიერებებს. ამ ცენტრებში იქმნება ინოვაციური მასალები, რომლებიც საფუძვლად უდევს კვანტური კომპიუტერებისა და ნეირომორფული გამოთვლითი სისტემების განვითარებას, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ენერგოეფექტიანი ხელოვნური ინტელექტისა და მომავლის მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემების შექმნაზე. ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ ამ კვლევით ცენტრებში - პროფესორებთან: მარკ ჰუიბენთან, იურიან შმიცთან, ჰანს ვან ოორტთან, მენო ბოკდამთან, კლაუდია ფილიპისთან, სისსი დე ბეერთან, ჰაროლდ ზანდვლიტთან, მუჰარემ ბაირაქტართან, რობ ლამერტინკთან, კრისტიან ნეიჰაუსთან, პეპეინ პინკსესთან, რებეკა საივთან. ყურადღება დავუთმეთ სამომავლო კვლევითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ არაერთ თემას, როგორიცაა: ფუნქციური ოქსიდური თხელი ფენებისა და ატომური სიზუსტით მასალების ზრდისა და კონტროლის კვლევები; ნახევარგამტარული მოწყობილობები და მიკროჩიპების ფიზიკის საკითხები; გამოყენებითი ზეგამტარობა ენერგეტიკულ სისტემებში; სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია (DFT) და მანქანური სწავლება, რაც ახალი მასალების თვისებების პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა; Quantum Monte Carlo მეთოდები და მოლეკულური სიმულაციები, რომლებიც ბიოლოგიურ სისტემებში სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედების შესასწავლად გამოიყენება; ქიმიური ინჟინერია და პოლიმერული მასალები; EUV ოპტიკა და ლითოგრაფია, მემბრანული ტექნოლოგიები და მიკროფლუიდიკა, ასევე კვანტური ოპტიკა, ფოტონიკა და სხვა.
ჩვენმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რიტა დე ვილდე-ბრინკთან. განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურების შესაძლებლობები. მონაწილეობა მივიღეთ ICE (Interfaces and Correlated Electron Systems) და QTM (Quantum Transport and Matter) კვლევითი ჯგუფების ერთობლივ სემინარში. წარვადგინეთ მოხსენება - „ლაზერული მეთოდით სინთეზირებული კვანტური მასალები“, რასაც მოჰყვა აქტიური სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებისა და სემინარების დროს წარვადგინეთ ჩვენი კვლევითი შედეგები, მათ შორის: „ნანობიოლოგიური ანსამბლების სტრუქტურული თავისებურებების გააზრების ფრაქტალური კონცეფცია“; „ნანობიონაწილაკების ვიბრაციული თვისებები და რეზონანსული თერაპიის კონცეფცია“; „ბორ-10 იზოტოპით გამდიდრებული ნახევარგამტარული სენსორული სისტემები“ და „ფოტოვოლტური გამოყენებისთვის ნახევარგამტარ-გრაფენული ნანოსისტემე¬ბის კვლევა“, - აცხადებს პაატა კერვალიშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, ტვენტეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პირველი სამუშაო ვიზიტი წარმოაჩენს ორივე მხარის მნიშვნელოვან პოტენციალს მოწინავე სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდელი კოლეგებისა და სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მრავალმხრივი და ნაყოფიერი სამომავლო პარტნიორობის საფუძველს ქმნის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
23.10.2026.18:12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გავრცელებული განცხადებით განმარტავს, დაუსრულებელი აუდიტის მასალების საბოლოო, დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა დაუშვებელია და ქმნის მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის რეალურ საფრთხეს. ამასთან, უნივერსიტეტი დოკუმენტაციის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლას, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
„2026 წლის 22 ოქტომბერს „სტუდია მონიტორმა“ გამოქვეყნა მასალა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2022 წლების საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას უკავშირდება.
ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნული შემოწმება დასრულებული არ არის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შესაბამის საკითხებზე კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს და საბოლოო აუდიტორული ანგარიში არ არსებობს.
მიუხედავად ამისა ჩვენი მხრიდან პასუხი გაეცა ჟურნალისტის მიერ სტატიის მომზადების პროცესში გამოგზავნილ კითხვებს. პასუხის მოკლე და ზოგადი ხასიათი განპირობებული იყო აუდიტორული შემოწმების დაუსრულებლობითა და იმ ფაქტით, რომ საბოლოო დასკვნის არარსებობის პირობებში უნივერსიტეტს არ გააჩნდა დასრულებული აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული დეტალური განმარტებების გაკეთების ობიექტური შესაძლებლობა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტირება ან მისი უნივერსიტეტის პოზიციის სისუსტედ წარმოჩენა საფუძველს მოკლებულია.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აუდიტორული შემოწმების დაუსრულებელ ეტაპზე არსებული დოკუმენტაციის გავრცელებისა და აუდიტის შედეგების ანგარიშის შედგენამდე გასაჯაროების კანონიერების საკითხი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აუდიტის განმახორციელებელ მოსამსახურეებს პირდაპირ ავალდებულებს, აუდიტის შედეგები არ გაასაჯაროონ აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. შესაბამისად, არსებობს კანონით დადგენილი ვალდებულების შესაძლო დარღვევის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია. მივმართავთ სამართალდამცავ და სხვა უფლებამოსილ უწყებებს, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის წარმომავლობა, მისი მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება, პასუხისმგებელი პირები და შესაძლო სამართალდარღვევის ყველა გარემოება. ამასთანავე, მოვითხოვთ არა ფორმალურ განმარტებას, არამედ საკითხის სრულყოფილ სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას. ასევე ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, ვინაიდან დაუსრულებელი და საბოლოოდ შეუფასებელი მასალის დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა უნივერსიტეტს რეპუტაციული ზიანის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება არ წარმოადგენს კანონით დადგენილი შეზღუდვების უგულებელყოფას. უნივერსიტეტი მოითხოვს, „სტუდია მონიტორმა” განმარტოს გამოქვეყნებული დოკუმენტაციის სამართლებრივი სტატუსი და დააზუსტოს, რა საფუძვლით იქნა გამოყენებული სამსახურებრივი მიმოწერა. უნივერსიტეტი, აღნიშნული გარემოებებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნების გათვალისწინებით, მიმართავს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად, ხოლო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში - საქართველოს პროკურატურასაც, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის გავრცელების კანონიერება და პასუხისმგებელი პირების მოქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „სტუდია მონიტორმა” სტატია მიზანმიმართულად, საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობისა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოამზადა და გაავრცელა, რაც სიმართლის დადგენას კი არა, უნივერსიტეტის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ შეეგუება დაუსრულებელი აუდიტის მასალების საკუთარი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და მოითხოვს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვისი მოქმედებებიც კანონის დარღვევას და უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვას უკავშირდება”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.